საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფთან შეხვედრაზე ე.წ. ბორდერიზაციის საკითხებზე ისაუბრა.
დონდუამ საქართველოში ვიზიტით მყოფ, ეუთო-ში აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ე.წ. ბორდერიზაციისა და რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერის საკითხებზე. ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს სრულად ეწინააღმდეგება და ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა დაინტერესება, გაიზარდოს ეუთო-ს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, მათ შორის, საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის გზით, რაც რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ვერ ხერხდება. დავით დონდუა მიესალმა ეუთო-ს, როგორც თანათავმჯდომარის მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში. საუბრისას, ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების საპასუხოდ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულების აღებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. ასევე აღინიშნა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის მნიშვნელობა.
ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფი საქართველოში 4 ნოემბრამდე დარჩება და ამ პერიოდში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან გამართავს შეხვედრებს. ასევე, დაგეგმილია მათი შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებთან, სახალხო დამცველთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
ვიზიტის ფარგლებში მუდმივი წარმომადგენლები გაემგზავრებიან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში და პირადად შეძლებენ ადგილზე არსებული ვითარების შეფასებას. მუდმივი წარმომადგენლები ასევე ეწვევიან წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებას.