ძნელია ზუსტად განსაზღვრო თუ რა რეაქცია ჰქონდა ქართულ საზოგადოებას ექს-პრეზიდენტის გეგმაზე რუსთავი-2 ბარიკადებზე ბავშვიანი ქალის მკვლელობის შესახებ.
ამ სიტყვებს ყველამ წაუყრუა და მხოლოდ დაქირავებული "ბოევიკების" თემა დაიხვიეს.
სხვა ნორმალურ ქვეყანაში ასეთ საშინელ სიტყვებს ან ბინძურ ფალსიფიკაციად ჩათვლიდნენ, ან კიდევ ბოროტ ხუმრობად.
როგორც ჩანს, ქართველმა ამაომრჩეველმა მკვლელობის ეს გეგმა ისეთ რეალურ ფაქტად მიიღო, რომელზედაც ამბობენ – „no comment“! - კომეტარების გარეშე!
სიტყვა "ბოევიკებმა" კი ისევ გააღვიძა ასოციაციები ფაშისტურ რეჟიმებთან და მათ "ზონდერ-ბრიგადებთან".. მაგრამ თვით ადოლფ ჰიტლერს ბოროტი ფანტაზია მხოლოდ იმაზე ეყო, რომ რაიხსტაგს ცეცხლი წაუკიდა და კომუნისტებს დააბრალა, რისთვისაც ისინი მაშინდელ, 30-იანი წლების ევროპაში გაუგონარი სისასტიკით დასაჯა – ჩამოხრჩობის ნაცვლად საყასბო კავებზე ჩამოაცვა ხორხებით.
კაცის - (ვინც არ უნდა ყოფილიყო ის) გაუპატიურება სიკვდილით ისჯებოდა ფაშისტური რეჟიმების მიერაც კი.
მაშ რატომ სჩადიან ქართველი პოლიტ-აქტივისტები ასე ადვილად ისეთ ბინძურ დანაშაულებს, როგორებიც ფაშისტებსაც კი სამარცხვინოდ მიაჩნდათ?!
ამ სიბნელის თავი და თავი არის ის, რომ ქართული პოლიტიკური აზროვნება იწყება არა საქართველოს მომავალზე ფიქრით, არამედ, პოლიტიკური ლიდერების გაკერპებით. ამომრჩევლების სხვადასხვა ჯგუფები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მათი ლიდერია გენიალური ბელადი, მხოლოდ მან იცის რა გადაარჩენს საქართველოს!
თუ ვინმე ამხელს ამ ლიდერს, რომ მან რაღაც სისულელე წამოროშა, ან ჩაიდინა, მისი მომხრეები გააფთრებით დაესხმებიან თავს ამ სიმართლის მთქმელს, რადგან მათი აზრით მათი კერპის "გამონაბოლქვი აირებიც" კი „წმინდაა“ და „კეთილშობილი“. შედარებისთვის, ამერიკის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს პირდაპირ ტრიბუნიდან განუცხადა მათ: "ეხლა რთული მდგომარეობაა ძალიან... განხილვების და კრიტიკის დრო არ არის. ამიტომ მე მჭირდება ერთგულება და თან ისეთი ერთგულება, რომ ჩემი უკანალის ყნოსვისას ამბობდეთ: - ვარდის სურნელი აქვს".
რა თქმა უნდა თანაპარტიელებმა გულიანად გაიცინეს და პრეზიდენტსაც ეს ხუმრობა "ჩაეთვალა"...
თუმცა, საქართველოში პოლიტ-კერპისადმი ასეთი დამოკიდებულება სერიოზული მოთხოვნაა ხუმრობების გარეშე.
მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ, თუ რომელიმე ქართველ პოლიტ-აქტივისტს არ დაეთანხმები, რომ მისი პარტიის ლიდერის უკანალი ვარდივით სურნელოვანია – ის მაშინვე თავის პირად მოსისხლე მტრად ჩაგთვლის!
ასეთი უაზრო ფანატიზმის მიუხედავად, ეს აქტივისტი ქვეცნობიერად მაინც აღიარებს იმ ფაქტს, რომ თუ მას აქვს სურვილი რომ გაღმერთოს პირობითად ვინმე "მიშა", მაშინ შენც გაქვს უფლება გააკერპო ვინმე "გრიშა"... და შესაბამისად თავისი კერპის მსახურად რომ გადაგაქციოს, ამისათვის უნდა დაგიმტკიცოს შენი "გრიშას" არარაობა!
ამ მიზნით ის აბრალებს შენს კერპს ათასგვარ სიბინძურეს... ყველაზე სენსიტიური დანაშაული, რა თქმა უნდა, ბავშვის მკვლელობაა.
ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დააბრალეს, რომ მან "მერსედესების" საყიდელი ფული "საქართველოს ბავშვთა ფონდს" წაართვა. არადა, სინამდვილეში ის ფული თბილისის აეროპორტის საერთაშორისო ანგარიშებიდან მოიხსნა.
აბა საიდან უნდა ჰქონოდა "ბავშვთა ფონდს" 50 000 დოლარი 1991 წელს, როდესაც ამდენი ვალუტა სახელმწიფო ბანკსაც კი არ გააჩნდა?! მაშინ არავინ დაფიქრებულა ამ საკითხზე – უმეტესობა თუთიყუშივით იმეორებდა: –"ბავშვთა ფონდის დოლარები.... ბავშვთა ფონდის დოლარები..."
ასეთი თუთიყუშური ჭორებისთვის გაიმეტეს რაფალიანცების უმწეო ბავშვიც...
დღესაც გამუდმებით დაობენ – ვინ ჩაიდინა ეს საშინელება და ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ. მაგრამ საღი აზრით თუ განვიხილავთ – მთავარი დამნაშავეა არა მკვლელი, არამედ, დამკვეთი. ამ მკველობის დამკვეთი კი საზოგადოების ის ჭორიკანა ნაწილია, რომლებიც ყოველგვარი ბინძური მეთოდებით ცდილობენ მოწინააღმდეგე პარტიის კერპების უწმინდურობის დამტკიცებას...
რუსთავი-2 ის ბარიკადებზე რომ ბავშვიანი ქალი დაღუპულიყო – იგივე მითქმა-მოთქმა მოჰყვებოდა. "ნაცები" იჭორავებდნენ, რომ ეს "ქოცების" ჩადენილია. "ქოცები" კი პირიქით – ჭიპის გადმობრუნებამდე დაიწყებდნენ იმის მტკიცებას, რომ ეს თვითონ "ნაცების" მიერ მოწყობილი პროვოკაციაა!
...და რა იქნებოდა ყოველივე ამის შედეგი? – მხოლოდ და მხოლოდ პოლიტ-ჭორიკნების ბინძური ინსტინქტების დაკმაყოფილება, რადგან ყოველი ამომრჩეველი იმ ვერსიას დაიჯერებდა, რომელიც მოწინააღმდეგე პარტიის კერპის შეურაცხმყოფელი იქნებოდა...
ამრიგად, ქართული პოლიტიკური აზროვნება აპოკალიპსური სატანიზმის "იდეების" მთელ ბუკეტს მოიცავს:
1. ვითომ "წმინდანი ბელადის", სინამდვილეში კი "ეშმაკის მოციქული" გაიძვერა ლიდერის გაღმერთება და მისი პოლიტიკური კერპის აღმართვა;
2. ამ კერპის სახელით ამპარტავნება და ხალხის იძულება, რომ მას ეთაყვანონ;
3. ამ კერპის მსახურების "დადაღვა" და მხოლოდ მათი ბიზნესების მფარველობა, მათი გამარჯვება ტენდერებში და ა.შ. ხოლო მოწინააღმდეგეებისათვის ქონების წართმევა, ვაჭრობის აკრძალვა და ა.შ.
საიდან მომდინარეობს ასეთი პოლიტიკური ცნობიერება ? – რა თქმა უნდა ფართო მასებიდან... თუმცა, იმედია რომ არა ყველასაგან.
…
ე.ი. ამომრჩევლების ფართო ფენების ბნელი, კერპთაყვანისმცემლური ინსტინქტებია ის " ბიბლიური მოლოქი", რომელიც მოითხოვს, რომ მას ბავშვი შესწირონ და მის წინაშე ბინძური მამათმავლური ორგიები მოაწყონ, რომ მან ამისთვის ქვეყნის და უფრორე ბიუჯეტის მართვის ძალაუფლება მიანიჭოს გაიძვერა პოლიტ-რეჟისორებს.
თუმცა, უკვე მერამდენჯერ დავრწმუნდით, რომ ამ გაიძვერების მმართველობას არაფერი სიკეთე არ მოაქვს!
ე.ი. "მოლოქი" უნდა დავამარცხოთ!!!
როგორ? - ძალიან მარტივად: "გენიალური ბელადების" თუ "მესია- ანგელოზების" ნაცვლად კანონი უნდა „გავაკერპოთ“ და ერთმანეთი ვაიძულოთ, რომ ყველა კანონებს დავემორჩილოთ და არა იმ გაიძვერა კერპებს!
კანონის მორჩილება რომ კარგია – ამაზე შეთანხმება ადვილია.
ხოლო კამათი იმის შესახებ, თუ რომელი კერპის მონობა სჯობს – "მიშასი" თუ "გრიშასი" – ყოველთვის გამოიწვევს დაპირისპირებას, სისხლისღვრას, ნგრევას, შიმშილს, მამათმავლურ ორგიებს და პატარა ბავშვების მსხვერპლად შეწირვას!
ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ კანონი უნდა იყოს არა რომელიმე "ბელადის" და მისი პარტიის ინტერესებს მორგებული, არამედ ის იურიდიული ნორმა, რომელიც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას აწყობს!