ივერიონი / მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა ალაპარაკდა

მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა ალაპარაკდა

მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის სკანდალური განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

ექს-პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი ამჟამად სასჯელს ძროხის ქურდობისთვის იხდის, თუმცა ის წინა ხელისუფლებამ დეზერტირობისთვისაც გაასამართლა.

 

რა ინფორმაციას ფლობს თეიმურაზ გვარაძე ლაფანყურის სპეცოპერაციაზე? ამის შესახებ პატიმრის ნაამბობი "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლებმა გაგვაცნეს და თეიმურაზ გვარაძის წერილიც გადმოგვცეს. წერილიდან ირკვევა, რომ გვარაძე პირველად 2008 წელს დააკავეს და აწამეს. შესაბამისად, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ითხოვს. ახლა პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, რა არის მისი მონაყოლიდან სიმართლე. პატიმარი აცხადებს, რომ ის პროფესიონალი სნაიპერია და ერთ დროს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაში მუშაობდა. 2012 წლის აგვისტოში კი პატიმრობიდან დროებით გაათავისუფლეს, რათა მონაწილეობა მიეღო ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებთან საუბრისას პატიმარმა განაცხადა, რომ ის იყო ზურაბ ჟვანიასა და გია არსენიშვილის ინიციატივით შექმნილი გასაიდუმლოებული დივიზიონის წევრი. 2004 წლიდან კი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვის შემადგენლობაში ირიცხებოდა.

 

"სწავლა დავიწყე 1995 წლის დეკემბერში, დავასრულე 2001 წლის ნოემბერში. გახლდით გია არსენიშვილისა და ზურაბ ჟვანიას ინიციატივით შექმნილი გასაიდუმლოებული დივიზიონის - "777"-ის წევრი. 2004 წლიდან დამეკისრა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვა, მისი უსაფრთხოება აყვანილი მყავდა ჩემი პირადი დაცვის ქვეშ", - წერს საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში თეიმურაზ გვარაძე.

 

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე წავიდა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ამის გამო, როგორც პატიმარი აცხადებს, "მოდულის" შენობაში მიიყვანეს და სასტიკად აწამეს, მოგვიანებით კი ოფიციალურად დააკავეს და დეზერტირობის ბრალდებით გაასამართლეს.

 

"2008 წლის 8 აგვისტოს მივმართე პრეზიდენტს თხოვნით, ცხინვალში ჩემს გაშვებაზე მეგობარ ჯარისკაცებთან, რაზეც არ დამთანხმდა. მითხრა, ეს ომი შენი არ არისო. მე არ დავემორჩილე ბრძანებას, რადგან 16 წელია, ვარ ჩემი ქვეყნის სამსახურში, თავი ჩავთვალე ვალდებულად, წავსულიყავი მეგობრებთან დასახმარებლად. ცხინვალში მოვახდინე 16 რუსი სნაიპერის ლიკვიდაცია, 16-ვე სნაიპერის პირადი ჟეტონი მოვიპოვე და როდესაც ვბრუნდებოდი, რამდენიმე დაჭრილი წამოვიყვანე და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიყვანე. იქ მისვლისთანავე დამხვდა სპეცდანიშნულების რაზმის 4 თანამშრომელი. მითხრეს, რომ პრეზიდენტს უნდოდა ჩემი ნახვა, წამომიყვანეს შავი ფერის პიკაპით. თბილისში "მოდულის" შენობაში ჩამომართვეს იარაღი, პირადი აღჭურვილობა, მართვის მოწმობა და სამხედრო ბილეთი. ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას ადგილი ჰქონდა ჩემს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ესწრებოდა რამდენიმე თანამდებობის პირი. ცეცხლსასროლი იარაღით დამიხვრიტეს ხელისა და ფეხის მტევნები. 9 აგვისტოს დაახლოებით 15 საათზე გამათავისუფლეს, დავბრუნდი ჩემს ოჯახში. 2008 წლის 25 დეკემბერს დამაკავა თელავის პოლიციის უფროსმა შოთა ბეჟანიშვილმა და გადამცეს ძველი თბილისის სამმართველოს", - წერს გვარაძე.

 

ჩვენც გაგვიჩნდა და, ალბათ, მკითხველსაც გაუჩნდება კითხვა, ფეხებდახვრეტილმა ადამიანმა მეორე დღეს როგორ შეძლო სახლში მისვლა და ამჟამად თუ ეტყობა მას წამების კვალი? სამწუხაროდ, მისი ნაამბობის დაზუსტების შესაძლებლობა გასაგები მიზეზების გამო არ მოგვეცა, თუმცა ამ დეტალებს, ალბათ, პროკურატურა დააზუსტებს, რომელსაც ის ჩვენების ჩამორთმევას სთხოვს. მანამდე კი დავეყრდნოთ იმ განცხადებას, რომელიც თეიმურაზ გვარაძემ საპატიმროდან გამოგზავნა. მოკლედ, მას დეზერტირობის ბრალდებით 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, 2012 წლის ზაფხულში კი მას საპატიმროში ესტუმრა რამდენიმე პიროვნება, რომლებმაც განუმარტეს, რომ პანკისის ხეობაში რამდენიმე ტერორისტს სამი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი და თან ჰქონდა საბრძოლო იარაღი დაღესტნის მოქალაქეებისთვის გადასაცემად. გვარაძე აცხადებს, რომ მას სპეცოპერაციაში მონაწილეობა სთხოვეს, კერძოდ - ორმხრივი სროლის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია დაავალეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი დაწესებულებაში დააბრუნეს.

 

"სასჯელს ვიხდიდი ქსნის დაწესებულებაში. 2012 წლის 15 მაისს, ღამის საათებში, გამომიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც შევხვდი 12 სპეცრაზმელს, ნიღბებში. ახსნა-განმარტების გარეშე დამიწყეს ცემა, რომელიც დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა. ტრავმა მივიღე მარცხენა ფილტვზე. ეს მოხდა ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის დროს. 2012 წლის 14 ივნისს გადამიყვანეს #19 სამკურნალო დაწესებულებაში. 2012 წლის 27 აგვისტოს, როგორც მახსოვს, მომმართა ადმინისტრაციის თანამშრომელმა ნუგზარმა და მითხრა, შენთან შეხვედრა უნდათო. გავყევი ადმინისტრაციის ეზოში, სადაც დამხვდა სამი პიროვნება. ამიხსნეს, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სჭირდებოდათ დახმარება. მითხრეს, რომ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი. სოფელ ლაფანყურიდან სამი კაცი ჰყავდათ მძევლად აყვანილი. თან ჰქონდათ უკანონოდ დიდი ოდენობით საბრძოლო იარაღი, რომელიც უნდა გადაეცათ დაღესტნის მოქალაქეებისთვის უხათციხის მთაში. დავთანხმდი და წამიყვანეს. დამევალა, ორმხრივი ცეცხლის გახსნის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია მომეხდინა. ადგილზე მისვლისას მომცეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი "აკაესი", 460 ვაზნით და 4 მჭიდით, "ნოკიას" რაცია, ფანარი, ცეცხლსასროლი იარაღი "კარაბინი", გადაკეთებული, ტყვიამფრქვევის ლულით, რუმინული წარმოების ბინოკლი და მჭიდების ჩასაწყობი ჟილეტი. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ დავბრუნდი შეხვედრის ადგილას, მათ ჩაიბარეს იარაღი, ვუთხარი ჩატარებულ ოპერაციაზე და დამაბრუნეს #19 დაწესებულებაში", - აცხადებს თეიმურაზ გვარაძე.

 

თეიმურაზ გვარაძე ამბობს, რომ ის უშუალოდ მონაწილეობდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში და როგორც თვითმხილველს, შეუძლია, გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს, თუმცა პროკურატურა მისი პერსონით ამ დრომდე არ დაინტერესებულა. გვარაძე ამტკიცებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი შეტაკების ადგილას არ დაღუპულან, რაც ეწინააღმდეგება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას.

 

2012 წლის 15 ნოემბერს თეიმურაზ გვარაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მისი თქმით, გათავისუფლების შემდეგ ის მუდმივ ზეწოლას განიცდიდა, ვინაიდან ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გარკვეული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 2013 წლის მაისში თეიმურაზ გვარაძე ხელმეორედ დააკავეს და ძროხის ქურდობაში დასდეს ბრალი. როგორც თავად აცხადებს, მისგან წამების გამოყენებით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ აღიარება დანაშაულისა, რომელიც არ ჩაუდენია. სასამართლომ 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ადვოკატის თანდასწრებით დაჰკითხოს თეიმურაზ გვარაძე და გადაამოწმოს ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც ის მიუთითებს. ასევე, უნდა მოხდეს რეაგირება მსჯავრდადებულის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და უზრუნველყოფილ იქნას მისი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მოწმის, დაცვის ღონისძიებები", - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

 

 

 

 "პრაიმტაიმი"

2-11-2015, 16:58
უკან დაბრუნება