საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საგარეჯოს რაიონში გამართულ შუალედურ არჩევნებს სოციალური ქსელის მეშვებოით ეხმიანება.
"მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო "ტესტ-მატჩისთვის", მათ შორის კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის," - წერს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ "რესპუბლიკურ პარტიას" ძალა კოალიციაში ერთიანობის გამო აქვს.
"ჩემი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიღეთ "ქართულ ოცნებაში":
1. ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია; ამიტომ, მეტი შრომა, მეტი უშუალო კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ, არჩევნებში წარმატებისთვის.
2. ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა; ამიტომ, მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავალთ და, შესაძლოა, ამით დასახული მიმართულებით ქვეყნის განვითარებაც შევაფერხოთ.
3. ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია; ამიტომ, მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო "ტესტ-მატჩისთვის" (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის...).
4. ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია; ამიტომ, ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები.
5. თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის; ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე და დავიწყოთ იმის კეთება, რაც ვიცით რომ გასაკეთებელი გვაქვს კოალიციაშიც და პარტიებშიც."- აღნიშნავს უსუფაშვილი.