21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობას დღესასწაულობს.
"დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. რვა რიცხვი კი მიგვანიშნებს უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე "დღესა მერვესა", როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. "რამეთუ მოსვლად არს ძე კაცისაი დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა მისთა თანა და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ".
წმინდა დიონისე არეოპაგელის თქმით, სულ ცხრა მთავარანგელოზი არსებობს, რომელიც იყოფა სამ იერარქიად. ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვსფრთიანი სერაბიმები (ქართულად სერაბიმი - ანთებული, ცეცხლოვანი). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს უღვივებენ. სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან ქერუბიმები, რომელთა სახელიც სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას ნიშნავს. მათი დახმარებით გადმოდის ჩვენზე ღვთიური სიბრძნე და ცოდნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.
საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უფლებანი ქვემდგომ ანგელოზთა დასებზე მეუფებენ, ასევე ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ქვეყნების ბრძნულად მართვა-გამგებლობაში ეხმარებიან. ძალნი უფლის რჩეულებზე საკვირველთმოქმედებისა და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ძალნი ადამიანებს შეეწევიან მორჩილების საქმეთა აღსრულებაში, ანიჭებენ მათ მოთმინებასა და სულიერ სიმტკიცეს. დემონურ ძალთა დაოკების ხელმწიფება გააჩნიათ. ისინი ადამიანებს ეშმაკთა საცდურებისაგან განარიდებენ. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. საწყისთ დავალებული აქვთ სამყაროს გამგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერისი პატივი მიაგონ; თანამდებობის მქონეთ შეაგონებენ, სამსახურებრივი მოვალეობები პირადი განდიდებისა და გამდიდრებისათვის კი არა, არამედ უფლის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გამოიყენონ. მთავარანგელოზნი გვახარებენ დიადისა და დიდებულის შესახებ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს, გვაუწყებენ უფლის ნებას და ადამიანებში რწმენას განამტკიცებენ. სახარებაში ქრისტეც ბრძანებს: "ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხჰყოთ – ერთი მცირეთა ამათგანი; გეტყვით თქვენ, რამეთუ ანგელოზნი მათი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა" (მათე 8,10). "ანგელოზთა თვისთა და უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა" (ფს. 90,14). ანგელოზები შექმნილნი არიან ხილულ სამყაროზე ადრე და აქვთ მინიჭებული სხვადასხვა მსახურების მადლი. "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა" – გვამცნობს დავით მეფსალმუნე. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებაზე აცნობენ მათ, მორწმუნეებს იცავენ, არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან, დაგვეხმარონ, თუ ჩვენ ამას მოვისურვებთ.
სიტყვა "ანგელოზი" რაიმე ამბის მაუწყებელს ნიშნავს. ანგელოზთა რიცხვი უამრავია. ერთადერთი რაც აუცილებელია ანგელოზებისთვის, ეს არის ღვთის ნათელი, ღმერთის სიკეთე, სიყვარული. ღმერთის სიყვარულით ისინი ჩვენ გვემსახურებიან. ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, მისი სახელი ებრაულად ნიშნავს - "რომელი ვითარცა ღმერთი". მთავარანგელოზი მიქაელი ღვთის ერთგული მსახურია, იგი შეებრძოლა სატანას და სხვა დაცემულ ზეციურ ძალებს, სძლია და გადმოყარა ისინი ზეციდან, დანარჩენებს კი ღვთის ერთგული მსახურებისკენ მოუწოდა. იგი გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს. ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისგან ესენია: მთავარანგელოზი გაბრიელი: მაცნე საღმრთო საიდუმლოებისა. მთავარანგელოზი რაფაელი: ავადმოფისგან მკურნალი და გზაზე დამყენებელი; მთავარანგელოზი ურიელი: აღმძვრელი ლოცვებისა და განმანათლებელი უცოდინართა, ის ასევე არის ბერ-მონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველი, განგვინათლებს გონებას, რომ შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმინდა წერილის გაგება. მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა. საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლები; მთავარანგელოზი ეგუდიელი: მფარველი მგზავრობისას, გაჭირვებულთა დამხმარე; მთავარანგელოზი ვარახიელი: მიმცემი და შუამავალი ღმერთის სიკეთისა და მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა. მთავარანგელოზი სელაფიელი: მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღვთის წინაშე ხალხისთვის მლოცველი. მთავარანგელოზი იერომიელი: ღმერთისადმი სიყვარულის გამაღვიძებელი. მთავარანგელოზი ტახნილი: დამხმარე და დაცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან.
დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
ღმერთმა დაგლოცოთ! გფარავდეთ დიდნი მთავარნი ზეცისა ძალთანი - მთავარანგელოზები და ყველა წმიდა აწ და მარადის და უკუნთი უკუნისამდე, ამინ!
თეონა ახალაია