ჟურნალისტი ზაზა დავითაია კოალიცია "ანტისოროსის" წინააღმდეგ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ დისკრედიტაციულ ქმედებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 13 უდანაშაულო ადამიანს ცილი დასწამა და ხელისუფლების გადატრიალების დაგეგმვა დააბრალა. ამის შესახებ დავითაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"2006 წლის მაისიდან დაიწყო საქმის შეთითხვნა ჩვენს წინააღმდეგ და 2006 წლის 6 სექტემბერს განხორციელდა საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესია, ტყუილი. სააკაშვილის რეჟიმმა დაგვაპატიმრა 13 ადამიანი. ბრალდება გამყარებული იყო მხოლოდ ცრუ მოწმეების ჩვენებებით. დამატებით მათ ჰქონდათ მტკიცებულება იარაღის სახით, რომელიც გახლდათ კოდორის ხეობიდან ამოღებული იარაღი, რომელიც ეკუთვნოდა ემზარ კვიციანის სამხედრო რაზმს "მონადირეს". პროკურატურაში უკვე წარდგენილი მაქვს ამ ორი იარაღის ნუსხა, რომელთა ნუმერაცია პრაქტიკულად ემთხვევა ერთმანეთს. როდესაც ხელისუფლება ერთი საქმიდან იღებს იარაღს და 2 თვეში მეორე საქმეში ჩნდება ეს იარაღი, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ხელისუფალის მიერ არის ჩადებული საქმეში. არადა, მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა წარადგინეს ჩვენი საქმე, როგორც რუსეთიდან მართული შეიარაღებული სამხედრო გადატრიალება.
სამწუხაროდ, დაჭერის დროს ქალბატონ მაიას ჩამოართვეს ჩვენება, შემდგომ უკვე გავიგე, რომ ეს მოხდა უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალდატანების შედეგად, და ამ ჩვენებაში ქალბატონმა მაიამ ბრძანა, რომ თითქოსდა ეს შეთქმულება მართლაც მზადდებოდა. ქალბატონ მაიას მიესაჯა 2-წლიანი პირობითი მსჯავრი, ხოლო ჩვენ დანარჩენებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა.
ამ ბრალდებასთან ერთად წარდგენილი გვქონდა სამშობლოს ღალატის მუხლიც. ეს იყო უდიდესი წნეხი, რადგან ადამიანმა შეიძლება აღიაროს შეიარაღებულ გადატრიალებაში მონაწილეობა, მაგრამ არა ქვეყნის ღალატი. ალბათ დღეს საამაყო იქნებოდა, რომ მართლაც ჩაგვედინა ის დანაშაული დიქტატურის წინააღმდეგ და მოგვეწყო ხელისულების გადატრიალება. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ასეთი შეიარაღებული გადატრიალების გეგმა არ გვქონია და მასში მონაწილეობა არ მიგვიღია.
აქვე არ შემიძლია არ ვახსენო ნიკა გვარამიას როლი ამ საქმეში. მისი დაკვეთით გადაიღეს და "რუსთავი 2"-ზე აჩვენეს ფილმი "შეთქმულების თეორია". ისე წარმოაჩინეს ყველაფერი, თითქოს მართლაც ვმონაწილეობდით შეთქმულებაში. ეს არის დანაშაული და გპირდებით, რომ მხოლოდ ამის გამო აუცილებლად აგებს პასუხს ნიკა გვარამია", - განაცხადა ზაზა დავითაიამ.
ამავე საქმეზე იყო ბრალდებული ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელსაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. როგორც მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, მას აღიარებითი ჩვენება ზეწოლისა და მუქარის მეშვეობით დააწერინეს. ნიკოლეიშვილის თქმით, მას იმის აღიარება, რაც არ ჩაუდენია, შვილებზე მუქარის გზით აიძულეს.
"ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო ჩემთვის, რომ გავიდოდა წლები და ასე მშვიდად დავჯდებოდი და ვისაუბრებდი ამ თემაზე.
ჩემთან ღამის 5 საათზე მოვარდა 30 ადამიანი. მეზობლებიც კი დააშინეს. ჩემი 11 წლის შვილი პანიკაში ჩავარდა. თავიდან მეგონა, ყაჩაღები იყვნენ. დაპატიმრების შემდეგ მოაწყვეს შოუ საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე. ვერტმფრენები დაფრინავდნენ ცაში და წარმოდგენა არ გვქონდა, დაწვას გვიპირებდნენ, დახვრეტას გთუ რას. ერთი ვიცოდი, რომ დახვრეტის მუხლი არ არსებობდა. მერწმუნეთ, რომ დახვრეტის მუხლი რომ ყოფილიყო საქართველოში, ჩვენ ახლა აქ არ ვისხდებოდით. ულაპარაკოდ დაგვხვრეტდნენ.
სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა ერთი საშინელი განსხვავება სხვა რეჟიმებისგან. ისინი ოჯახის წევრებით გვაშინებდნენ და გვემუქრებოდნენ. მომიტანეს ბრალის ფურცელი და მითხრეს, რომ უნდა დამეზეპირებინა და შემდეგ ხელი მომეწერა ამაზე. ვიცოდი, რისი გამკეთებლებიც იყვნენ. ვიცოდი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა, მისი პიროვნება, ვიცოდი, რომ ტყუილად არ მემუქრებოდნენ. ჩემს თავზე ავიტანდი და მივიღებდი ყველაფერს, მაგრამ ვიცოდი, რა ელოდა ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს. ბოლოს ვაღიარე ის, რაც მე დამიწერეს და რეალობა არ იყო.
პროცესზე რომ მივდიოდით, "მასტერამ" მითხრა, რომ ჩემი აღიარებითი ჩვენება დამაჯერებელი არ იყო და სასამართლოზე მაინც უნდა წარვმდგარიყავი დამაჯერებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დასრულდებოდა", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
აქვე, ზაზა დავითაია პარალელს ავლებს მის მიმართ წაყენებულ ბრალსა და დღეს მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს შორის, სადაც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრებია აღბეჭდილი. როგორც დავითაია განმარტავს, "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ცდილობს სახელმწიფოს გადატრიალებას იმავე მეთოდებით, რა მეთოდებით მოქმედებასაც აბრალებდნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს 2006-2012 წლებში.
"გავავლოთ პარალელი, დღეს რაც საქართველოში ხდება, მართლაც არის გადატრიალების დაგეგმვა. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, 2006-2012 წლებში, 315-ე მუხლით ბრალდებების საქმეები გადასინჯეთ, ჩავეძიოთ ერთად, დავალაგოთ სცენარები, ბრალდებების შინაარსი და ვნახავთ, რომ დღეს მათი სატელეფონო საუბრები, რის საფუძველზე ისინი გადატრიალებას აპირებდნენ, იმ ყველაფრის ანალოგია. სროლის ინსპირირება, ხალხის დარაზმვა, შევარდნა და გადატრიალება, ზუსტად ეს ბრალი გვქონდა ჩვენ წაყენებული და ეს იყო მათი მოგონილი. ზუსტად ანალოგიური სცენარი აქვთ დღეს ნაცებს და ამას აპირებენ. მათ გეგმაში არაფერი შეცვლილა. შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენ არ მოგვიწყვია. შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ იმავე სცენარით, რაც ჩვენ ბრალად წაგვიყენეს, დღეს აწყობენ "ნაციონალები". მათ პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა ზაზა დავითაიამ.