ჩვენი კარი ღიაა ყველა კომპანიისთვის, ადამიანისთვის, ვისაც აქვს ინტერესი ენერგეტიკის დარგის მიმართ, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ "ექსპო ჯორჯიაში", კონფერენციაზე - "ჰიდროტექ საქართველო" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კონფერენცია საქართველოში მეორედ იმართება.
მისივე თქმით, მისასალმებელია ის, რომ კონფერენციაში ძალიან ბევრი საინტერესო კომპანია მონაწილეობს. კალაძის განცხადებით, ენერგეტიკა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დარგია, ხელისუფლებამ პრიორიტეტად დაასახელა ეს მიმართულება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას ათვისებული ის რესურსები, რაც ქვეყანას გააჩნია.
"საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მდიდარია წყლის რესურსებით. 25 000 მდინარეა და 300 საინტერესოა ჰიდროპოტენციალის მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს მაქსიმალურად ათვისებული, რათა საქართველო გახდეს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის და ბევრი ინვესტორია დაინტერესებული, რომ ამ კუთხით განახორციელოს ინვესტიციები", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით ასეთი მასშტაბური ინვესტიციები, ასეთი აღმშენებელობა 70-იანი წლების მერე არ განხორციელებულა.
"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კარი ღიაა ყველა კომპანიისთვის, ადამიანისთვის, ვისაც ინტერესი აქვს ამ დარგის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთათანამშრომლობა, მეგობრობა იქნება ნაყოფიერი", - განაცხადა კახა კალაძემ.