ამერიკის შეერთებული შტატები "რუსთავი 2"-ის საქმის მიმდინარეობას სააპელაციო სასამართლოშიც ყურადღებით დააკვირდება.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ 4 ნოემბერს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.
კითხვაზე, განიხილეს თუ არა მხარეებმა საქართველოში მედიის თავისუფლების და განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის საკითხი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე, პრეს-მდივანმა დაადასტურა, რომ ეს საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ტონი ბლინკენმა წამოჭრა.
"სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ორშაბათს გამართულ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე პრესის თავისუფლების სკითხი წამოჭრა. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განხილვებს ამ კონკრეტულ საქმესთან, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ დაკვირვებას სააპელაციო სასამართლოში პროცესებზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ თავდაპირველ გადაწყვეტილებას მოჰყვება. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ მხედველობაში ვიღებთ რა ამ საქმესთან მიმართებაში მაღალ საჯარო ინტერესს, აშშ მიესალმება იმ მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციას, რაც ყველა მხარემ გამოიჩინა ამ თავდაპირველი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას. როგორც ამ საქმის მიმდინარეობისას არაერთხელ განვაცხადეთ და ამ ტრიბუნიდან მრავალჯერ ვთქვი, მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და განსაკუთრებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ასე, რომ ეს საკითხი განხილული იყო ორშაბათს პლენარულ სესიაზე და მე ვფიქრობ, თქვენ შეგიძლიათ სრულად მოელოდეთ, რომ ამ საკითხს არაერთხელ წამოვჭრით", - განაცხადა კირბიმ.