ივერიონი / რას ითხოვენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები?

რას ითხოვენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები?

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია იმისთვის, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამისთვის წელიწადში 420 მლნ ლარია საჭიროა , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს.

 

"ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არა თუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო. ივანიშვილის მმართველობის სამ წლის შემდეგ 4.6 მილიარდი ლარით უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე შეგვეძლო ვყოფილიყავით, რომ არა მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანთა სიხარბე. 2016 წლის ბოლოსთვის ეს ციფრი 7 მლრდ ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილმა საშუალოდ ყოველ ოჯახს 5000 ლარის შემოსავალი დააკარგვინა.

 

როცა საქართველოში ოჯახების მასობრივი გაღატაკება მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილს პენსიების 50-ლარიანი ზრდა უნდა ვაიძულოთ. პენსიის 50 ლარით გაზრდას წელიწადში 420 მლნ ლარი ესაჭიროება. 700,000 პენსიონერი ხ 50 ლარი ხ 12 თვე = 420 მლნ ლარი. იმავდროულად, სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც მთავრობის წევრთა ნათესავებისა და "ქართული ოცნების" აქტივისტების ხარჯზე უზომოდ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, 456 მლნ ლარით მეტი გვიჯდება. [თუ 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მილიარდი ლარი იქნება. როგორც ვხედავთ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. "გაზრდილი ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და დანამატების პრაქტიკის მოსპობა, ქამრების რეალური შემოჭერა", - ესაა ჩვენი პასუხი "ქართული ოცნების" კითხვაზე, როგორ გავზარდოთ პენსია 50 ლარით", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

 

5-11-2015, 12:25
უკან დაბრუნება