ივერიონი / ირმა ინაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის ძალა, რომელსაც რევოლუციის მოწყობა შეუძლია

ირმა ინაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის ძალა, რომელსაც რევოლუციის მოწყობა შეუძლია

"არა არჩევნების გაყალბებას", - ამ ლოზუნგით "პატრიოტთა ალიანსი" 8 ნოემბერს ქუჩის აქციებს იწყებს. რას აპროტესტებენ, რა მოთხოვნები აქვთ და რა რეაგირებას ელოდებიან მთავრობის მხრიდან, ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "რეპორტიორს" ესაუბრა:

 

- მივმართავთ ორ გზას, ერთი არის სამართლებრივი და საჩივრები უკვე ყველგან შევიტანეთ. მივმართავთ სასამართლოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ცესკო არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. ამიტომ მივმართეთ ამ გზას. პარალელურად, შეგვაქვს განცხადება და საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ სამუდამოდ აიკრძალოს საქართველოში სპეცუბნების გამოყენება საარჩევნო მანიპულაციებისთვის.

 

ამავდროულად, მივმართავთ სამოქალაქო პროტესტის გზას და 8 ნოემბერს 16 საათზე შევიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან. ჩვენი აქცია უკავშირდება არჩევნების გაყალბებას საგარეჯოში და იმ ტერორს, რაც ხელისუფლებამ განახორციელა. მოვითხოვთ, გადააყენონ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას ორგანიზებას. გადააყენონ საგარეჯოს გამგებელი, იორმუღალოს გამგებელი და რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო საარჩევნო კომისიის ის თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არჩევნების გაყალბების პროცესში. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

 

- გაქვთ თუ არა კონკრეტული მოთხოვნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ და როდემდე აპირებთ აქციების გაგრძელებას?

 

- მივმართავთ პრემიერ-მინისტრს და ვთხოვთ, რომ 8 ნოემბერს იყოს კანცელარიის შენობაში. რუსთაველის ძეგლიდან ვაპირებთ მსვლელობას სახელმწიფო კანცელარიამდე, იქ გავჩერდებით და გავახმოვანებთ ჩვენს მოთხოვნებს. ნურავინ იფიქრებს, რომ ასე ადვილად დავიშლებით. არცერთი მოთხოვნა არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, სანამ არ გადააყენებენ იმ მინისტრებს, რომლებიც თავად შემოგვთავაზეს. ვნახეთ, როგორ იქცეოდა თავდაცვის მინისტრი, როგორ ერეოდა არჩევნების პროცესში. შოკირებულია საზოგადოება, რომ თავდაცვის მინისტრი ითვლიდა და აჯამებდა გაყალბებულ ოქმებს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, სამარცხვინო ქმედება.

 

მათ მოისყიდეს მთელი იორმუღალო. იორმუღალოდან გვირეკავენ "ობიექტივში" და გვეუბნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა. გვარებს ასახელებენ. ამაზე მეტი რა გინდათ?

 

მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს საქმის გამოძიება, თუ რა მოხდა საგარეჯოში. აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ თუ ეს დავუშვით, რაც საგარეჯოში მოხდა, უკვე ჩანს, როგორ ჩაატარებს ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებს. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიის, თავისუფლების სახელით, არ მოსწონდათ ის, რასაც აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ უარესი გააკეთეს საგარეჯოში. არ ვაპირებთ ამის მოთმენას. ჩემი იდეფიქსი სულ არ არის პარლამენტში მოხვედრა. ჩემი ამოცანაა, რომ ამ პროცესებს მივყვეთ ბოლომდე, რომ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის უკვე თავისუფალი იყოს ეს სივრცე.

 

- თქვენ აცხადებდით, რომ "ქართული ოცნება" ჯარისკაცებს იყენებდა არჩევნებში გასამარჯვებლად. ამაზე რას იტყვით?

 

- მინდა, მივმართო "ქართული ოცნების" დეპუტაციას, აიმაღლონ ხმა. გააკეთონ შეფასება, თუ რა მოხდა. ქართველ ხალხს ეს დეპუტატები დუმილისთვის არ აურჩევია.

 

დიახ, ქართული ჯარი უნდა გავათავისუფლოთ მსგავსი ტიპის პოლიტიკური წნეხისგან, რომ ჯარისკაცის ხმა ასე უსინდისოდ აღარ იყოს გამოყენებული. როცა მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს და ვეუბნები, რომ აღიძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება, ასევე ვამბობ, რომ ამ ჯარისკაცებს საერთოდ არ მიუღიათ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მათ შემოხაზული ბიულეტენები მისცეს და ის ჩაიყარა საარჩევნო ყუთში. ეს ყველაფერი გამოსაძიებელია.

 

- გაქვთ თუ არა მოლაპარაკებები რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან და აპირებთ თუ არა მათთან ერთად აქციის ჩატარებას?

 

- არ გვინდა, რომ ეს აქცია გასცდეს არჩევნებთან დაკავშირებულ თემას. ამ აქციაზე არ იქნება დაყენებული სხვა ტიპის მოთხოვნები. იქნება მკაფიო შინაარსი, მხოლოდ არჩევნების გაყალბება. "არა არჩევნების გაყალბებას"  - ეს იქნება ამ აქციის მთავარი ლოზუნგი.

 

- ელოდებით თუ არა ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას?

 

- ვფიქრობ, რომ რეაგირება იქნება. ხელისუფლების ინტერესშიც შედის პირველ რიგში, რომ ჩვენი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ არჩევანის თავისუფლებით. თუ ეს ვერ გააცნობიერა ამ ხელისუფლებამ, ეს აუცილებლად დაასრულებს მის არსებობას.

 

- მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზეც გკითხავთ, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრებია აღბეჭდილი. ფიქრობთ თუ არა, რომ აღნიშნული საუბრები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა? და როგორ უნდა იმოქმედონ სამართალდამცავმა ორგანოებმა?

 

- რა თქმა უნდა, შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნეს დაპატიმრებული. ამას ვამბობ სამი წელია და ამაზე არ რეაგირებს ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას, თავის დროზე რატომ გაუშვეს მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან? მითუმეტეს, რომ 4 საქმეა მის წინააღმდეგ აღძრული. რატომ დაატოვებინეს საზღვარი ადეიშვილს? რატომ ვერ აკავებენ მეგის ქარდავასაც კი, რომელიც მხილებულია არაერთ დანაშაულში?

 

დიახ, შეიცავდა ეს ჩანაწერები მოწოდებებს გადატრიალებისა და სისხლისღვრისკენ, მაგრამ სად არის რეაგირება, მოქმედება?

 

უნდა დაიკითხოს ყველა მათგანი, უნდა დაუმტკიცონ, რომ მონაწილეობდნენ ამ შეთქმულებაში და დააკავონ. უნდა იყოს წარდგენილი მყარი მტკიცებულებები და ყველა უნდა იქნეს დაპატიმრებული.

 

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის ძალა, რომელსაც რევოლუციის მოწყობა შეუძლია.

5-11-2015, 18:52
უკან დაბრუნება