ივერიონი / მანანა კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს გაამართლოს მისი ქმედება

მანანა კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს გაამართლოს მისი ქმედება

საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პასუხობს. კობახიძე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადება, არც მეტი  -  არც ნაკლები, ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. "რუსთავი2"-ის სარჩელის წარმოებაში მიღებასთან და სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მანანა კობახიძის კრიტიკას დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადებით უპასუხა.

 

მანანა კობახიძემ განცხადება პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:

 

"პირველ რიგში, მადლობა გიორგი პაპუაშვილს, საზოგადოებას და "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში ონისე მებონიას საქმე ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქმეა, მაგრამ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი რიგი გარემოებები არასწორად აქვს მითითებული. კერძოდ, ონისე მებონიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2006 წლის 11 ივლისს შევიდა. ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2006 წლის 15 დეკემბერს გამოვიდა. მაინტერესებს, რომელი არითმეტიკული ფორმულით დათვალა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ 2006 წლის 11 ივლისიდან 15 დეკემბრამდე არის 15 დღე?! როგორც ჩანს, ასე ითვლიან, ასეთი არითმეტიკა აქვთ - ეს ჩვენი პრობლემა არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

 

კობახიძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი2"-ის სარჩელზე სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით მიიღო, უპრეცედენტოა, "რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკა და ტრადიცია დაარღვია და აღნიშნული საქმე მოპასუხე მხარის - პარლამენტის არგუმენტების მოსმენის, ზეპირის მოსმენის გარეშე განიხილა და სადავო ნორმა შეაჩერა":

 

"საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არ მოიძებნება საქმე, როდესაც სასამართლომ სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერა ისე, რომ მოპასუხე მხარეს, ამ შემთხვევაში პარლამენტს, არ მოუსმინა და არ დაინტერესდა, თუ რა არგუმენტები გააჩნდა საკანონმდებლო ორგანოს. მანამდე არც ერთ საქმეზე მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სწორედ ეს იწვევს ეჭვს. საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაამართლოს მისი ქმედება, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს 2 ნოემბრის სხდომის შესახებ ინფორმაციაც კი არ მოაწოდა და პრაქტიკულად ჩუმად, სრულიად მალულად, ისე რომ მოპასუხე მხარემ არც კი იცოდა, რომ სასამართლოს მიერ "რუსთავი2"-ის სარჩელი, მისი წარმოებაში მიღების საკითხი იხილებოდა და შეჩერდა სადავო ნორმა. ამაში საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან საეჭვო დაინტერესება იკვეთება - მოძებნონ ერთი პრეცედენტი მაინც და დაასაბუთონ, თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ მოპასუხე მხარისთვის მოსმენა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. მათი განცხადებით, დამატებითი განმარტების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ  ზოგიერთი ფაქტობრივად მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 2 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N675) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული საქმისადი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი მანანა კობახიძის მიერ მედიით გაკეთებული ზოგიერთი ფაქტობრივად მცდარი ინფორმაციის გამო, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებით განმარტების გაკეთებას.

 

საკონსტიტუციო სასამართლო თითოეულ საქმეს იხილავს იმ ვადაში, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად. საქმის განხილვის ვადები განსხვავებულია სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხის სირთულის, მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით.

 

მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ, არათუ საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, არამედ საქმე არსებითად განიხილა და გადაწყვიტა 15 დღის ვადაში საქმეზე "ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება), სადაც მოსარჩელე მხარეს ქალბატონი მანანა კობახიძე წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდა რა, რომ დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოსა და თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები, მჭიდრო ვადაში გადაწყვიტა საქმე, რათა მინიმუმამდე დაეყვანა ადამიანების მიმართ კონსტიტუციური უფლებების დარღვევით პატიმრობის გამოყენება.

 

საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში იხილავს საქმეს მაშინ, როდესაც დაყოვნების შემთხვევაში საქმის განხილვა/გადაწყვეტას შედეგი აღარ ექნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა ასეთ კატეგორიას განეკუთვნება "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" სარჩელი და შესაბამისი გადაწყვეტილება მოკლე ვადაში მიიღო.

 

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობისა და ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა არგუმენტების მოსმენა აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად, ან მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები საჭიროებს დაზუსტებას.

 

ვინაიდან "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციურ სარჩელში ნათლად და არაორაზროვანდ იყო მითითებული ყველა ის საკითხი, რისი გამორკვევაც აუცილებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებისთვის და, ამასთან, სასამართლოს ჰქონდა პასუხი სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

5-11-2015, 18:55
უკან დაბრუნება