პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ნოემბრის მოვლენებს იხსენებს. "თეთრების" ლიდერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"2007 წლის 7 ნოემბერს, "ნაციონალების" ხელისუფლებამ ბარბაროსულად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, დაარბია და მიწასთან გაასწორა მისთვის მიუღებელი თავისუფალი მედია... ყველაზე მძიმედ ეს პროცესი ტელეკომპანია "იმედს" დაატყდა. XXI საუკუნის საქართველოში ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის სასიკვდილოდ გაიმეტა ათასობით ადამიანი... ამ ფაქტმა შეძრა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, ყველა, გარდა "ნაციონალური" სექტისა. ე.წ. დემოკრატიულმა მსოფლიომ კი მსუბუქი შეფასებები გააკეთა და კბილებით დაიცვა მისი მორჩილი, პრაქტიკულად, მისი ნებით არჩეული "ნაციონალური" ხელისუფლება.
2015 წლის 7 ნოემბერი, მისი წინა და მომდევნო დღეები ასევე მძიმედ ჩანს საქართველოსთვის. დემოკრატიულად წოდებული მსოფლიო შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს მოსახლეობას და ქართულ ჟურნალისტიკასაც, თავისუფალ სიტყვასაც, იცავს ანტიქართული განწყობის პარტიულ ტელევიზიას. იმ ტელევიზიას, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება მათ მიერვე შექმნილ ნაციონალურ სექტას.
ამ პროცესმა სწორედ 7 ნოემბერს, მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევიდან რვა წლის თავზე დაკარგა ყოველგვარი ზღვარი. ტონი, რომლითაც ჩვენ გვესაუბრებიან ევროკავშირის წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ლიტვის პრეზიდენტი (სამწუხაროდ, ეს სია ძალიან გრძელია) ,შეურაცხმყოფელია საქართველოსა და ქართველი ხალხსათვის და იმის დასტურია, რომ ჩვენ დამოუკიდებელი კი არა, ნეოკოლონიალური ქვეყანა ვართ, მისი ყველაზე მძიმე ფორმით.
მართლაც, ყველაფერს აქვს საზღვარი! უსაზღვროებასაც კი. ქვეყანას მძიმე, მაგრამ დიდი გადაწყვეტილება აქვს მისაღები. უნდა გამოვიდეთ ამ კაბალური მდგომარეობიდან და ვიქცეთ რეალურად დამოუკიდებელ ქვეყნად.
სამწუხაროა, რომ ამისთვის მზად არ არის ეს ხელისუფლება, რომელიც დღემდე თავდახრილი ისმენს ქვეყნის დამამცირებელ უცხოელთა ამ თავხედურ გამოსვლებს.
რამდენი მედროვე და გამყიდველი გამოაჩინა ბოლო მოვლენებმა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც ასევე მონურად არიან მოდრეკილი თავიანთი უცხოელი პატრონებისადმი", - ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.