"არა გაყალბებულ არჩევნებს", - ამ სლოგანით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ "პატრიოტთა ალიანსის" მსვლელობა იმართება.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო გარემოს შეცვლა, ასევე თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება, რადგანაც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების თქმით, ისინი უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას.
მსვლელობის დაწყებამდე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა სიმშვიდისკენ, მან ასევე მადლობა გადაუხადა პატრულის თანამშრომლებს, რომლებიც, ინაშვილის თქმით, მათზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ.
ინაშვილის თქმით, მათ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში მსვლელობასთან დაკავშირებით, შეტანილი აქვთ, შესაბამისად, აქვთ ნებართვა მსვლელობის.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერი, სადაც მოითხოვენ არჩევნების გამყალბებლების დასჯას. მთავრობის ადმინისტრაციასთან "პატრიოტთა ალიანსის" წევრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ.