უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მისამართით დაისმება შეკითხვები ზეწოლასთან დაკავშირებით. გვენეტაძე განმარტავს, რომ მას არ გააჩნია არავითარი ეჭვი და არც აქვს უფლება, ჰქონდეს ეჭვი, რომ მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა, თუმცა შეკითხვები დაისმება, რადგან "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს.
"მე არ გამაჩნია არავითარი ეჭვი და არც მაქვს უფლება, მქონდეს ასეთი ეჭვი. კითხვებს დავსვამთ, რადგან არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და კითხვებს ამ ნაწილში დავსვამთ.
დღევანდელი სხდომა მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით არის. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ანგარიში მოვთხოვოთ მოსამართლეს, გვექნება ის კითხვები, რაც აქვს საზოგადოებას, განცხადების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ასევე ხომ არ ყოფილა რაიმე სახის ზეწოლა ან კონკრეტული მინიშნება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.