საპარტნიორო ფონდის ბაზაზე საქართველოს განვითარების საფინანსო ინსტიტუტის შექმნის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია. როგორც ჟურნალისტებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ ბორჯომში, ფონდის პროექტებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს განვითარების ბანკს, გერმანულ KFW-ს შესაბამის საკითხზე მუშაობა დაავალა.
"თავი რომ დავანებოთ სხვა ტიპის ბანკებს, მსოფლიოში 248 მარტო განვითარების ბანკია, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, მექსიკაში არგენტინაში, პერუში. ევროპაში: ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, რუმინეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ალბანეთშიც კი. ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში ასეთი ქვეყნებია უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზიაში კი – ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ. საქართველოში არ გვაქვს და თურმე არ გვჭირდება. მითხარით ერთი, რა გვაქვს ასეთი განსაკუთრებული მოდიფიცირება, რომ ამდენ ქვეყანას სჭირდება და აქ 3 წელია, ვიბრძვი და ეს თემა ვერ გავარღვიე... მთავრობის სხდომაზე რამდეჯერმე ვიკითხე, მითხარით, რა არგუმენტი გაქვთო და იყო სიჩუმე, მაგრამ მერე ინტერვიუებში ამის მოტივად სახელდებოდა ის, რომ თურმე განვითარების ბანკის შექმის იდეა თვითონ საბანკო სექტორს არ მოსწონს, თუმცა ბანკირებს რომ შევხვდი, ხელი ასწიეს, თანაც ჩემი პოზიცია ზუსტად ისაა, რომ ახალმა საფინანსო ინსტიტუტმა არ უნდა გადაფაროს ის სფერო, სადაც საბანკო სექტორი შედის. პირიქით, ჩვენ უნდა გავაჩინოთ ახალი სფეროები, სადაც საბანკო სექტორი გაფართოვდება. მათ უნდა შევუქმნათ ახალი მინდვრები, სადაც ისინი შევლენ და მათ მინდორზე ბალახობა არ უნდა დავიწყოთ. ეს ბანკებმა ძალიან კარგად გაიგეს, თუმცა სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ბიუროკრატიულ ნაწილს არ ესმის",-აღნიშნა საგანელიძე.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ კონცეფციის დაწუნების კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ ამ იდეას თურმე სკეპტიკურად უყურებს მსოფლიო ბანკი, რომ სავალუტო ფონდს რაღაც არ მოსწონს და ა.შ.
"გარდა ამისა, ზოგიერთ "ვაი ექსპერტს", რომელსაც თავი მოაქვს, რომ ეკონომიკა და ფინანსები იცის, მიაჩნდა, რომ განვითარების ბანკი უკან, საბჭოთა კავშირში სვლაა და ის იქნებოდა ისეთივე შემნახველი ბანკი, როგორიც იმ პერიოდში იყო. არადა გაცხადებული იყო, რომ განვითარების ბანკი არ იქნებოდა კლასიკური გაგებით ბანკი, რადგან მას არ მიენიჭებოდა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც უნდა ჰქონდეს ასეთ სახელმწიფო ბანკს. ესენია ანაბრების მიღება და საოპერაციო ფუნქცია", - განახცადა დავით საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდის დირექტორის თქმით, ერთი წლის წინ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ მთავრობამ აღნიშნულ თემაზე კამათის დამთავრების მიზნით საკითხის შესწავლა KFW-ს დაავალა.
"გერმანულმა განვითარების ბანკმაც, რომელიც მსოფლიოში უდიდესი საფინანსო ინსტიტუტია, ამისთვის 350 ათასი ევრო გამოყო და რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად ჩაატარა ძალიან სერიოზული კვლევა. გამოკვლეული იყო, რა მიმართულებით განვითარდა საქართველოს ეკონომიკა ბოლო 15 წლის განმავლობაში, რა იყო წარმატება, წარუმატებლობა, მისი მიზეზები, სად არის განვითარების პერსპექტივები და ა.შ.
ერთი სიტყვით, დაწერა ძალიან სერიოზული ნაშრომი, რომელიც სამწუხაროდ, რამდენიმე თვე უჯრაში იყო ჩადებული, სანამ არ დავანგრიე ქვეყანა, ამოიღეთ უჯრიდან და მიაწოდეთ პრესასთქო", - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დავით საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, KFW-ს კვლევაში პირდაპირ წერია, რომ "ქვეყანას აუცილებლად სჭირდება განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს გარკვეული სექტორის განვითარება, ისე როგორც მან სერიოზული ფული უნდა ჩადოს კვლევებში იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი დარგები უნდა იყოს განვითარებული".
"როცა ეს დასკვნა დაიდო, საქართველოს მთავრობამ წერილი მისწერა KFW-ს და უთხრა, კი ბატონო, ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, მართალი ყოფილა ის ჯგუფი, ვინც ამას ამბობდა და ახლა მეორე ეტაპზე გადადითო, ანუ შეისწავლეთ როგორი უნდა იყოს კანონი, რომელიც ამ ახალ ინსტიტუტს დაარეგულირებს, როგორი უნდა იყოს მისი ახალი უფლება-მოვალეობები, დაფინანსება, ვალდებულება, სტრუქტურა, ანგარიშვალდებულება სახელწიფოსა და ამ ახალ სტრუქტურას შორის და ა.შ. როგორ ფიქრობთ, როდის დავინიშნე საპარტნიორო ფონდის დირექტორად და როდის განვაცხადე ამაზე თანხმობა? მეორე დღესვე, როცა მთავრობამ ეს წერილი გააგზავნა. ეს საქმე ჩემთვის უკვე გახდა საინტერესო", - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის დირექტორმა.
დავით საგანელიძის გათვლებით, საქართველოს განვითარების საფინანსო ინსტიტუტმა ფუნქციონირება გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს. "KFW-ს წარმომადგენელმა მითხრეს, ახლა დავიწყებთ ჩვენ მეორე ეტაპზე მუშაობას და ხუთი-ექვსი თვე დაგვჭირდებაო. დავანგრიე ის ოთახი. მე ვუთხარი, მეორედ არ შემოხვიდე და ამაზე არ დამელაპარაკოთქო. საქართველოდან აღარ წახვალ, ან შენ თუ არ გცალია, გამოუშვი სხვა ჯგუფითქო. დეკემბრის ბოლო არის საბოლოო ვადა, როდესაც ჩვენ კანონპროექტი უნდა დავდოთ. შემდეგ შევიტანთ პარლამენტში, რომელიც ალბათ თებერვალში მიიღებს. ვფიქრობ, მარტ-აპრილში განვითარების საფინანსო ინსტიტუტმა მუშაობა უნდა დაიწყოს", - აღნიშნა საგანელიძემ.
რაც შეეხება ახალი საფინანსო ინსტიტუტის დაფინანსების წყაროს ან სახელწოდებას, საპარტნიორო ფონდის დირექტორის თქმით, ეს ტექნიკური ხასიათის საკითხია, რომელიც მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდება. "დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მივიღებთ თუ სხვა ვარიანტზე იქნება მუშაობა, ეს ტექნიკური საკითხია. რაც შეეხება სახელწოდებას, მე ვთქვი, თუ არ მოგწონთ სიტყვა "ბანკი", რაც გინდათ ის დაარქვით, გნებავთ კორპორაცია, გნებავთ საფინანსო ინსტიტუტითქო, თუმცა, ისეთი სახელი არ უნდა დაარქვა, რომ სადღაც რომ წახვიდე, შეგრცხვეს, ვინ ხარ... მე ჩემი თავმოყვარეობა და ამბიცია მაქვს. ზოგიერთი ეკონომისტი, ფინანსისტი, გენიოსი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი ხომ ფიქრობს, რომ თურმე განვითარების ბანკის შექმნა არის შეცდომა და მე საერთოდ არ მესმის. ვინაა მართალი, ერთი ესეც მინდა დავინახოთ", - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დავით საგანელიძემ.