საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ამ ეტაპზე არის საგანგებო დავალებათა ელჩი.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თამარ ბერუჩაშვილი არის ჩართული იმ კონფერენციის ორგანიზებაში, რომელიც მისი ინიციატივით იქნა დაწყებული.
"თამარ ბერუჩაშვილი არის ჩართული იმ კონფერენციის ორგანიზებაში, რომელიც მისი ინიციატივით იქნა დაწყებული და არის საგანგებო დავალებათა ელჩი ამ ეტაპზე. რამდენადაც ვიცი, საპარტნიორო ფონდში არის როგორც მრჩეველი, თუ არ ვცდები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბერუჩაშვილი, მირიან გოგიაშვილსა და მერაბ კაკულიასთან ერთად, უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის იმ სამკაციანი ჯგუფის წევრია, რომელიც ცოტა ხნის წინ ფონდის რეფორმირებაზე მუშაობის მიზნით შეიქმნა.