I.ფედერალური სახელმწიფო მოწყობა, ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები გააჩნიათ, არის სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზება, რომლის ხარისხი პროპორციულია ხსენებულ ფედერალურ ერთეულთა უფლებამოსილებების მოცულობისა.
ასეთი დაყოფილობის შემთხვევაში ჯამური ეფექტი შედგება ორი ელემენტისგან. პირველი: ფედერალური ერთეულის დამოუკიდებელი ნება აფერხებს სახელმწიფოს, როგორც მთელის („ცენტრის“), ნების ქმედითის რეალიზაციას.
მეორე: ერთსა და იმავე სფეროში ცენტრალური და ადგილობრივი ნების გადაკვეთა დროთა მანძილზე (უფრო ზუსტად კი _ მოკლე დროში) გარდუვალად იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის თვითიდენტიფიკაციის ევოლუციას „სეპარატული“ მიმართულებით.
ქართველმა ერმა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ შეგნებულად უარყო საკუთარი თავის დაქუცმაცება კუთხურობის პრინციპით: ქუჯი ერისთავმა დათმო არა მარტო თავისი ძალაუფლება, არამედ, თავისი დინასტიის ძალაუფლებაც, როცა თავისი საბატონო მეფე ფარნავაზს დაუქვემდებარა.
ეს ისტორიაში თითქმის უნიკალური აქტი განაპირობა შეგნებამ, რომ საქართველოს მოსახლეობა, ერთი მოდგმისა, ეფექტიან წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მტრებს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურად რთულ სივრცეში, თუ ერთიანი სახელმწიფოებრიობა არ ექნება.
ქართული პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა იმას, რომ ერის ერთიანობას ქმნის არა შინაგანი გაუდიფერენცირებლობა (ერთგვაროვნება) მეტყველების მხრივ, ყოფითი ჩვევების მხრივაც და ა.შ. არამედ ერთობლივი მიმართება დანარჩენ მსოფლიოსთან მის პირისპირ ყოველმხრივი (მათ შორის _ სტრატეგიული) ქმედითი თავდამკვიდრების სახით.
პაატა ზაქარეიშვილის, დღევანდელი მთავრობის მონაწილე ერთ-ერთი მინისტრის, განცხადებით, საქართველო „მზად არის“ განიხილოს ფედერაციული სახელმწიფო მოწყობის შემოღების საკითხი, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებულ სტატუსს აფხაზეთისთვის.
სხვა სიტყვით, ზაქარეიშვილი ცდილობს თავს მოგვახვიოს მმართველობის ფორმა, რომელიც იწვევს არა მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკურ დაშლას ისტორიულ ფეოდალურ კუთხეებად, არამედ თვით ეროვნული ცნობიერების შინაარსობრივ დაშლასაც ადგილობრივ (კუთხურ) თვითცნობიერებად ჯამად. ეს შემთხვევითი არ არის.
ბატონი ზაქარეიშვილი ათეული წლებია, რაც ცნობილია რუსული დავალებით საქართველოს ფედერალიზაციის პროპაგანდისტად და ლობისტად. საკმარისია აღინიშნოს, რომ ის ერთ-ერთი ხელმომწერია (სამ სხვასთან ერთად), საქართველოს კონფედერაციად გადაქცევის პრიმაკოვისეული გეგმისა „ქართველ პოლიტიკოსთა„ სახელით (კონფედერაცია, როგორც მოგვეხსენება, განსაზღვრებითვე იმგვარი ერთიანობაა სახელმწიფოსი, რომელიც ავტომატურად იშლება, როგორც კი ერთ-ერთი მონაწილე იტყვის, აღარ მინდა კონფედერაციაში ყოფნაო). კამათში ამ თემაზე ზაქარეიშვილი და მისი თანაგუნდელნი არ შედიან. გამანადგურებელი კრიტიკის პასუხად, რომელიც უხვად ხვდებათ, მხოლოდ დუმან. მათი იმედი დასაყრდენია მხოლოდ გარედან დახმარება _ მრუდე გზებით გამოვლილი გრანტებისა და გარედან ლობირების სახით.
II. სატყუარა, რომლითაც რუსეთის ნების გამოცდილი გამტარებელი ბატონი ზაქარეიშვილი გულუბრყვილოთა მიზიდვას ცდილობს, არის სიცრუე - აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის დაბრუნების საშუალებას რუსეთი მოგვცემს, თუ ფედერალური ვიქნებითო!
ეს, ვიმეორებთ, უსირცხვილო სიცრუეა, უბრალო უტოპიად შენიღბული. რუსეთის მიზანი აფხაზეთში არის გეოსტრატეგიული და პოლიტიკური. ორსავე პარამეტრში იგი თავისი მასშტაბით ფუნდამენტურია. მისი მიზანია აფხაზეთის ანექსიით ან ცხინვალის ანექსიით ან ორივეთი ერთად მოიპოვოს სამხრეთ კავკასიის მეოთხე სახელმწიფოს სტატუსი, აქედან გამომდინარე, ყველა იურიდიული შედეგით საერთაშორისო პოლიტიკურ სფეროში. ეს ამოცანა რუსეთის იმპერიული პოლიტიკისთვის არსებითად იმავე წონისაა, რაც საქართველოს მომავალი დაშლა ფედერალური ერთეულების თანდათანობითი მოცილების გზით. ეს, მისი გეგმით, ადგილზე სხვადასხვა „სეპარატიზმების“ ორგანიზებისა და შეიარაღების საშუალებით უნდა მოხდეს.
III. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ჩატარებულია ეთნიკური წმენდა და ქართველი მოსახლეობის გენოციდი (რომლის პატიების უფლებაც არცერთი ქვეყნის არცერთ კანონს არა აქვს), არც საქართველოს სახელმწიფო, არც ქართველი ერი არ მიიჩნევს დასაშვებად, რომ დაკნინდეს აფსუა (აფხაზი) მოსახლეობის სტატუსი მოზარდი და მომავალი თაობებისთვის. აფსუა (აფხაზი) ხალხი ჩვენი სისხლითა და ენით მონათესავე კავკასიელი ხალხია და ჩვენი სახელმწიფო, რომლის განუყოფელი ნაწილიც ეს ტერიტორია მუდამ იყო და იქნება, ვალდებულია ღვთის წინაშე და კავკასიის, როგორც მთელის წინაშე (სახელდობრ, ჩვენი მონათესავე კავკასიელი ხალხების წინაშე), რომ უზრუნველყოს ყველა ღონით და საშუალებით აფსუა (აფხაზი) ხალხის გადარჩენა დღევანდელ ურთულეს ვითარებაშიც და მომავალშიც, აწ და მარადის.
აფხაზეთის მოსახლეობაში მთლიანად დღეს არსებობს და მოქმედებს სამი ნება:
- ქართველი (აწ ნაწილობრივ დევნილი) მოსახლეობის ნება, რომ აფხაზეთი განიხილოს როგორც თავისი ყოველმხრივი (ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და ა.შ.) თვითრეალიზაციის ასპარეზი აწ და მარადის.
- აფსუა (აფხაზი) მოსახლეობის ნება, რომ აფხაზეთი განიხილოს როგორც თავისი ყოველმხრივი (ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და ა.შ.) თვითრეალიზაციის ასპარეზი აწ და მარადის.
- მთლიანად მოსახლეობის ნება, რომ იცხოვროს მშვიდობიანად, კეთილ-დღიანად და დემოკრატიის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
ეს სამი ნება ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ჰარმონიზებადია. სათანადო ბუნებრივი რესურსი აფხაზეთში ჯერ კიდევ არსებობს.
რუსული მიზანმიმართული კოლონიზაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე (კაზაკებითა და სხვებით) არის დივერსია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და ეროვნული გენოციდი (რაოდენობრივი „წალეკვის“ მეთოდით) აფსუა (აფხაზი) მოსახლეობის მიმართ. ეს პროცესი მიუღებელია. მას ჩვენ ვცნობთ დაუშვებლად და მის შედეგებს დანაშაულის შედეგებად.
ბარბაროსული დისკრიმინაცია და უკიდურესი აბსურდი არის აფსუა (აფხაზი) სეპარატისტების პრეტენზია, რომ აფხაზეთის ბედის გადაწყვეტაში ერთი აფხაზის ხმა მეტს იწონიდეს, ვიდრე ერთი ქართველის ხმა, ისევე როგორც აბსურდულია მათი სურვილი (სამწუხაროდ, დღეს პრაქტიკაში გატარებული), რომ აფსუებს (აფხაზებს) ჰქონდეთ ნებისმიერი კაპრიზის უფლება, რაც დღესდღეობით იურიდიულად ვლინდება იმაში, რომ მათ პრაქტიკულად, ყველა პროექტის დაწუნების ანუ ვეტოს უფლება ეძლევათ!
IV. ჩვენ გვაოცებს პოლიტიკური აზროვნების უმწიფარობა იმ პოლიტიკოსებისა, რომელნიც, როგორც მედიაში დავინახეთ, დაეთანხმნენ ბატონ ზაქარეიშვილის იდეას საქართველოს ფედერალიზაციის შესახებ, იმდენად, რომ ამ მომაკვდინებელი გეგმის განხორციელებადობა-განუხორცილებადობაზე მსჯელობა დაიწყეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ორგულია საქართველოსი, არამედ პროფესიულად უხარისხოცაა. ეს არის არა ერის ინტელექტურლური არისტოკრატია, ანუ „უკეთესთა მმართველობა“, არამედ უარესთა მმართველობა, ე.წ. კაკისტოკრატია, რომელიც დაუყოვნებლივ შეცვლას საჭიროებს, ისევე, როგორც მათი სამართლებრივი აქტებისა და პრაქტიკული ნაბიჯების მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვს გაბათილებას და პრაქტიკულად გამოსწორებას.
V. ის, რომ ბატონი ზაქარეიშვილი ახდენს კონსტატაციას, საქართველო „მზად არისო“ ფედერალიზაციისათვის, არის მისი მხრიდან საქართველოს სახელით საუბრის უსირცხვილო უზურპაცია - ამ თემაზე აზრის გამოთქმის უფლება აქვს მხოლოდ ქართველ ერს მთლიანობაში.
ის, რომ ზაქარეიშვილი საქართველოს მყარი ნების, რომ კუთხეებად არ დაიშალოს, დამალვას ცდილობს, არის ასეთივე უსირცხვილო სიცრუე, ხოლო ფაქტი, რომ ამ სიცრუით იგი ცდილობს ფედერალიზაციის გეგმას, მომაკვდინებელ გეგმას მსოფლიო მხარდაჭერა მოუპოვოს, არის დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ და მისი ნომერ პირველი მტრის _ რუსული იმპერიის _ სასარგებლოდ.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრები:
მამუკა გიორგაძე,
თენგიზ დიხამინჯია,
პაატა კოღუშვილი,
თეიმურაზ მჟავია,
ნოდარ ნათაძე,
ნიკოლოზ სანებლიძე,
მიხეილ ჯიბუტი.