ივერიონი / ნოდარ ხადური: ვერანაირ ცენზურას ვერ ვხედავ!

ნოდარ ხადური: ვერანაირ ცენზურას ვერ ვხედავ!

მე, ვერანაირ ცენზურას ვერ ვხედავ და ვერც თქვენ ხედავთ რაც მთავარია, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტის შეკითხვას  Freedom House-ის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გამოქვეყნდა. 

 

"თქვენ გრძნობთ რაიმე ცენზურას? ახლა, ამ წუთას კითხვას სვამთ და შესანიშნავად აშუქებთ ყველაფერს. არავინ ხელს არ გიშლით. მე ვერანაირ ცენზურას ვერ ვხედავ და ვერც თქვენ ხედავთ რაც მთავარია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

 

საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ვიცე-პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2-ის" საქმე ქართული სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. 

 

ჰერმანთან ინტერვიუს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მედიაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს. როგორც ამერიკის ხმა წერს, ასეთი მოწოდებით გამოეხმაურა ადამიანის უფლებების დამცველი ამერიკული ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიის ორ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა და დროებით მმართველებად არხის ყოფილი მფლობელი დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, ასევე ნაციონალური მაუწყებლის - ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი დაინიშნენ.

 

რობერტ ჰერმანის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საკითხი უფრო დიდი პრობლემის ნაწილია, რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, უგულვებელყოფს სამართლებრივ პროცესებს და უარყოფს კანონის უზენაესობას. ჰერმანი ამ ყოველივეს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების ცენზურის მცდელობად აღიქვამს.

9-11-2015, 13:09
უკან დაბრუნება