საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში გამართულ მიღებაზე, სადაც მარგველაშვილმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა, განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოს ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ხელმძღვანელი ჰყავს.
"იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ვატარებთ სასამართლო სისტემის მიმართ და რომელიც უმნიშვნელოვანესია დღეს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არასდროს შესულა არავითარ გარიგებაში. ის დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს და მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ასეთი ძლიერი ქალბატონის მოძებნა", - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელმაც ნინო გვენეტაძის მაგალითი ქალის როლის მნიშვნელობაზე საუბრისას მოიყვანა.
ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვით უფრო ჯანმრთელი სახელმწიფოებრივი სისტემა შეიქმნება.
"ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ინდივიდუალური დანიშვნებით და თუნდაც ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის, მათ შორის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით. ჩვენ უნდა გვქონდეს აბსოლუტურად სტაბილური სისტემა იმისთვის, რომ სახელმწიფოში ვუზრუნველყოთ გენდერული თანასწორობა. ამ თვალსაზრისით, ვიცით, რომ პარლამენტში შეტანილია საპარლამენტო სიებში გენდერული ბალანსის შესახებ კანონპროექტი. აქაც ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ძალიან ნათელი პრინციპული პასუხები. არც ერთი და არავინ არასდროს არ აფიქსირებს წინააღმდეგობას გენდერულ თანასწორობასთან. თქვენ ვერ იპოვით პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, რომ გენდერული თანასწორობა მიუღებელია, მაგრამ ყველა პოლიტიკოსმა ძალიან ნათლად, ინდივიდუალურად, საკუთარი სინდისის წინაშე და თავისი ოჯახის წევრების წინაშე უნდა გასცეს პასუხი, უჭერს თუ არ უჭერს მხარს რეალურად პოლიტიკურ სისტემებში ამ პრინციპის გატარებას. ეს უნდა იყოს ინდივიდუალური და არა ზოგადი მიმოხილვითი პასუხები, რომ "იდეაში ქართველ ქალს პატივს სცემს და იდეაში ქართველი ქალი უნდა იყოს პარლამენტში" - არა. ამ თვალსაზრისით ყველას გვმართებს აქტიური პოლიტიკა, რომ ყველა პოლიტიკოსმა ნათლად დააფიქსიროს "კი" ან "არა" იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქალბატონების მოსვლა პოლიტიკაში.
ქალების გააქტიურებით შეიქმნება უფრო ჯანმრთელი სახელმწიფოებრივი სისტემა. სტატისტიკაც და რეალობაც აჩვენებს, რომ პოლიტიკური მმართველობის სისტემები, სადაც მეტი ქალია წარმოდგენილი, უფრო სტაბილური და უფრო ძლიერია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში აღარ განმეორდება ისეთი სამარცხვინო სტატისტიკა, რაც ქალებზე ძალადობის მიმართულებით შარშან დაფიქსირდა.
"იმედს გამოვთქვამ, რომ არასდროს გვექნება ისეთი მძიმე ამბები გასახსენებელი, რაც გვქონდა შარშან და რაც სამწუხაროდ გვაქვს დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.