საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის გახსნას დაესწრო და გამოფენა დაათვალიერა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სულ მალე ხელი მოწერება ევროკავშორის პროგრამის "ჰორიზონტ 2020"-ის ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გააღრმაონ საერთაშორისო თანამშრომლობა, მოიძიონ დამატებითი თანხები, აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები.
"რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას, ვინაიდან განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის. განათლებული თაობის გარეშე წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა შევძლოთ ისეთი სიძნელეების გადალახვა, როგორიცაა ეკონომიკა, უმუშევრობა. მე მიმაჩნია, რომ განათლების დონის ამაღლებაზე ყველა ერთად უნდა ვიყოთ ორიენტირებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა.
"ჩვენ დავაფუძნეთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტო. პირველად თბილისში შეიქმნება ტექნოპარკი. ეს ჩვენი ახალგაზრდობისა და სტუნდენტებისთვის იქნება უნიკალური ადგილი, სადაც მათი ნიჭისა და პოტენციალის გამოვლენა მოხდება. ჩვენ გვაქვს ურთიერთგაცვლა ისრაელთან. სააგენტოს აქვს თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან. ჩვენ სან-დიეგოს უნივერსიტეტის ფილიალი გავხსენით და წელს სექტემბერში პირველად მივიღეთ საქართველოში სტუდენტები სწორედ ამ უნივერსიტეტში. პირველად საქართველოში ქართველი სტუდენტები მიიღებენ სან-დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომებს", - განაცხდა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, უფრო და უფრო მეტი სტუდენტის დაინტერესებაა გამოკვეთილი ტექნიკური მიმართულებით.
"ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ ამ დარგში გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და ამას სჭირდება უფრო მეტად წარმოჩენა და გამოვლენა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რექტორებს, სტუდენტებს, პროფესორებს და ყველას ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის.