ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, როდესაც ტელევიზიის თაობაზე ორ კერძო სუბიექტს შორის არის დავა, ეს უნდა გადაწყვიტოს ან ამ ორმა კერძო სუბიექტმა, ან სასამართლომ.
რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომიიის მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული კომისია არის დამოუკიდებელი, მას აქვს თავისი კანონმდებლობა, რომლის მიხდვითაც ის იმოქმედებს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ნაბიჯით ის არ გადავა კანონს და არავინ არ აპირებს კანონების დარღვევას საქართველოში", - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე - როგორ აფასებს ის პარლამენტის უმრავლესობის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს 2 მოსამართლესთან დაკავშირებით, ხადურმა აღნიშნა, რომ პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და მთავრობის წევრი მის განცხადებებს არ აფასებს.
"ისევე როგორც მარეგულირებელ კომისიაზე გითხარით, რომ დამოუკიდებელია, საქართველოს პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და მთავრობის წევრი არ აფასებს მის განცხადებებს", - განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნას, მინისტრის თქმით, ეს ასევე სასამართლოს კომპეტენციაა.
"მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე სასამართლოს კომპეტენციაა და რამდენადაც ვატყობ, თქვენ ხელი არ გეშლებათ მუშაობაში, პირიქით, ყველაზე აქტიურად თქვენ მუშაობთ. არავინ ხელს არ გიშლით მუშაობაში, არანაირი პრობლემები თქვენ არ გაქვთ. თქვენ მუშაობთ, აკეთებთ თქვენს საქმეს ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ და არავინ გიშლით ხელს ამაში, მათ შორის, არც ფინანსთა მინისტრი.
ეს არ არის პოლიტიკური ელფერი. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ტელევიზიის თაობაზე ორ კერძო სუბიექტს შორის არის დავა, ეს უნდა გადაწყვიტოს ან ამ ორმა კერძო სუბიექტმა, ან სასამართლომ. სხვა არავინ არ ჩაერევა ამ საქმეში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.