ივერიონი / დემურ გიორხელიძე: 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირება აუცილებელი იყო

დემურ გიორხელიძე: 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირება აუცილებელი იყო

"რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყნის ეკონომიკაა და რა მდგომარეობაშიც ქვეყნის ბიუჯეტია, ხელისუფლების შრომის ანაზღაურების გაზრდა აბსოლუტურად გაუმართლებელია", - ამის შესახებ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას დემურ გიორხელიძემ განაცხადა. როგორც ანალიტიკოსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებამ ამით წამგებიანი ნაბიჯი გადადგა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საარჩევნო წელი მოდის.

 

"შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს საარჩევნო წელს, მაგრამ საარჩევნო წელს ამომრჩეველი რაღაცით უნდა მოხიბლო და არა იმით, რომ შენ საკუთარ ხელფასებს გაიზრდი და ამით გაღიზიანებას გამოიწვევ მათში. არ ვიცი, რა დანიშნულება აქვს ან რატომ უნდა დაგეგმოს მთავრობამ ასეთი პოლიტიკურად აბსოლუტურად წამგებიანი ნაბიჯი. ამას ნებისმიერი ოპონენტი წამოგაძახებს, შენ კი დალაგებულ პასუხს ვერ გასცემ მას", - განაცხადა გიორხელიძემ.

 

მისი თქმით, ამ ფონზე ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა მოსახლეობის დაცინვაა.

 

"არამარტო ამ ხელისუფლების დროს, მთელი 25 წლის განმავლობაში არცერთ ხელისუფლებას არაფერი დაუკლია და ეს ქამრების შემოჭრის პოლიტიკაც ლამაზი ფრაზაა, რომელიც დღეს ღიმილს იწვევს, ვიდრე რაიმე სერიოზულ აღქმას", - განაცხადა გიორხელიძემ.

 

რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებას, გიორხელიძის თქმით, ეს არის ხელოვნური და იძულებითი კორექტირება.

 

"ზაფხულში ყველა ნიშანი იყო, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირება იყო აუცილებელი. რისი იმედი ჰქონდა მთავრობას და რატომ გადადო ამდენი ხანი, გაურკვეველია. ახლა მიდის არსებულ მდგომარეობაზე საბიუჯეტო პარამეტრების მორგება და ცვლილებებიც შეტანილი იქნება ისეთი, რომელიც უბრალოდ იძულებითია. შემოსავლები რაც არ გაქვს, ვერ დახარჯავ და შესაბამისად, ხარჯებიც საჭიროა შეიცვალოს", - განაცხადა გიორხელიძემ.

 

 

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად მთავრობის შრომის ანაზღაურება დაახლოებით 57 მილიონი ლარით გაიზრდება. 2015 წელს ცენტრალური მთავრობის აპარატის შრომის ანაზღაურება, 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით 85 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან მოხელეთა ხელფასებისთვის 389 მილიონი ლარით მეტის გადახდა მოგვიწევს. 

10-11-2015, 14:40
უკან დაბრუნება