"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გონიერება და დაგმონ ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამების ფაქტი პოლიციის დაწესებულებაში.
როგორც ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატის ცემის ფაქტზე თავისი დუმილით ხელისუფლება ქვეყანაში პოლიციელთა მხრიდან ახალ ძალადობას ახალისებს. "ვერიონი" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ადვოკატ გიორგი მდინარაძის პოლიციის დაწესებულებაში წამების ფაქტთან დაკავშირებით გამოჩენილი დუმილის გამო. დუმს პარლამენტის თავმჯდომარე რაც ჩემთვის იყო ძალიან მოულოდნელი, ვინაიდან ბატონი დავით უსუფაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა გონიერებით. დუმს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აკეთებს განცხადებებს თითქმის ყველა თემაზე, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მომხდარა ადვოკატზე ხელბორკილების დადება პოლიციის დაწესებულებაში და წამება. ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცანაა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და მის პირველი მოადგილე, ყოფილი ადვოკატის, სანდრო ბარამიძის დუმილი ( რომელიც ბოლო დროს არ მალავს თავის აგრესიას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან მიმართებაში და ამას მინისტრი წულუკიანი უყურებს მშვიდად).
თეა წულუკიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სტრასბურგის სასამართლოში, კარგად უნდა იცოდეს, რომ როდესაც პიროვნება შედის პოლიციის შენობაში დაზიანებების გარეშე, ხოლო იქიდან გამოდის დასახიჩრებული, აღნიშნული კონვენციის მესამე მუხლის პრეცედენტული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე წარმოადგენს წამებას, არაჰუმანურ, არაადამიანურ მოპყრობას.
სამოქალაქო საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი წულუკიანი და ბატონი ბარამიძე კონფერენციას კონფერენციაზე მართავენ და ახალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით თავს იწონებენ, რომლიც ქალბატონ რენატა ვინტერის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით და დიდი ძალისხმევით მიიღეს. ადვოკატი გიორგი მდინარაძე "საქართვლოს ადვოკატთა ასოციაციამ" დაატრენინგა და ასწავლა წულუკიანის და ბარამიძის სიბრძნე, რომ ღამის საათებში არ შეიძლება არასრულწლოვნის დაკითხვა, ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ გააკეთა ის, რაც ვასწავლეთ, მაგრამ ადვოკატს თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება დაუჯდა წამების ფასად.
წულუკიანის და ბარამიძის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ეწერა კარგი რაღაცეები, მაგრამ ის არასოდეს სრულდებოდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვის გამო, თუ ადვოკატს პოლიციის დაწესებულებაში აწამებენ, ხოლო წულუკიანი და ბარამიძე ამ ფაქტს მიესალმებიან, ეს არის მინიმუმ სიბინძურე. (როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა ხვდება გიორგი მდინარაძეს და იუსტიციის სამინისტრო ინარჩუნებს დუმილს, ეს ნიშნავს სხვა პოლიციელების წახალისებას და ამ ვანდალური ფაქტის მისალმებას).
გამაოგნა პარლამენტში მყოფი ადვოკატების პოზიციამ, ბატონებო! თქვენ ყველა ვალდებული ბრძანდებოდით ჩაგეტარებინათ საერთო პრესკონფენეცია და დაგეგეგმათ ეს ვანდალური ფაქტი. მოვა დრო და ყველა ადვოკატს აღნიშნულზე პასუხი მოგეთხოვებათ. გამონაკლისი იყო ქალბატონი მანანა კობახიძის პოზიცია, რომელმაც ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან პირველმა დაგმო ადვოკატის წამების ფაქტი.
სასიამოვნო იყო ქვეყნის პირველი პირის, საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის პოზიცია, რომელიც რამოდენიმეჯერ დაინტერესდა გიორგი მდინარაძის მდგომარეობით, ხოლო მისმა წარმომადგენელმა ბატონმა კახა კოჟორიძემ გიორგი მდინარაძე საავადმყოფოში პირადად მოინახულა.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე წლების განმავლობაში ვიბრძვი, რომ ადვოკატებმა თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს არ განიცადონ შევიწროება, მაგრამ ადვოკატს ხელბორკილებდადებულს თუ აწამებდნენ ეს უკვე ვერ წამომედგინა. ასევე, ვერ წარმომედგინა, თუ შუშის სასახლის ბინადარი ბატონი ივანიშვილი ამ ფაქტს მშვიდად შეხვდებოდა და არც ერთ განცხადებას არ გააკეთებდა, როგორც ჩანს, დაავიწყდა რომ სამოქალაქო სექტორში გადმოინაცვლა.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, გამოიჩინონ გონიერება და დაგმონ ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამების ფაქტი პოლიციის დაწესებულებაში, ვინაიდან თავისი დუმილით ისენი ქვეყანაში პოლიციელთა მხრიდან ახალ ძალადობას ახალისებენ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურანალისტებს და განსაკუთრებით ტელეკომპანიას "რუსთავი 2"-ს, რომელიც დადგა სიმართლის მხარეს და პოლიციის დაწესებულებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამების ფაქტს რამოდენიმე სიუჟეტი მიუძღვნა", - ნათქვამია განცხადებაში.