ივერიონი / კახი კალაძე: საქართველო რუსულ გაზზე დამოკიდებული ვერ იქნება

კახი კალაძე: საქართველო რუსულ გაზზე დამოკიდებული ვერ იქნება

ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე, იმიტომ, რომ არსებობს სხვა წყაროებიც.

 

"გაზის მოცულობის ძირითად ნაწილს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, თუმცა ყოველწლიურად ჩვენ გვიხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება "გაზპრომისგან", იმ მოცულობების გარდა, რასაც ჩვენ ტრანზიტის საფასურად ვიღებთ, იმის გათვალისწინებით, თუ ბაზარს რამდენი სჭირდებოდა - მე კომერციული გაზი მაქვს მხედველობაში. ყოველწლიურად ვიღებდით დამატებით მოცულობებს, ეს მოხდა შარშან, შარშანწინ, გასული წლების განმავლობაში და თუ აუცილებლობა იქნება - მომავალ წლებშიც.

 

საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები. 2019 წელს შემოდის ახალი პროექტი - "შაჰდენიზის" მეორე ფაზა, რომელიც სრულდება და აქედან კიდევ დამატებით მოცულობებს მივიღებთ. ასე რომ, ამ მიმართულებით პრობლემა არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შემოვიყვანოთ სხვა ალტერნატიული მომწოდებლები, იყოს ამის საშუალება, როგორიცაა თურქმენეთი, ირანი. ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

 

იანვრიდან ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს გავლით აზერბაიჯანის ელექტროენერგიის თურქეთის მიმართულებით გატანას. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საუბარი იყო ასევე გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელიც ჩვენ 2016 წელს გვაქვს დაგეგმილი, აზერბაიჯანულ მხარესაც აქვს ინტერესი, მიიღოს მონაწილეობა როგორც წილობრივად, ასევე ფინანსურად", - განაცხადა კალაძემ.

 

11-11-2015, 13:48
უკან დაბრუნება