"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტია, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.
"მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, 2016 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პენსიონერებისათვის პენსიის არც ერთი თეთრით ზრდას, მაშინ როდესაც ქვეყანაში გაიზარდა კომუნალური გადასახადები, ინფლაციის გამო გაიზადა მედიკამენტების, კვების პროდუქტების ფასები.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება პენსიის 50 ლარით ზრდასთან დაკავშირებით, რაზედაც არაერთხელ განვაცხადეთ", - აცხადებს მაჭავარიანი.
რაც შეეხება სამთავრობო ხარჯებთან დაკავშირებულ ნაწილს, დეპუტატის ინფორმაციით, ის 345 მილიონი ლარით იზრდება, მაშინ როცა 2014-2015 წლებში "მთავრობა გვპირდებოდა, რომ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა ხარჯებს შეამცირებდა".
"მაგალითად 2016 წლის ბიუჯეტში, ხარჯები შრომის ანაზღაურებაზე გაზრდილია 57 მილიონი ლარით. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ რამდენიმეჯერ გააუფასურა ლარის გაცვლითი კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ამის მიუხედავად, არცერთხელ არ მომხდარა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და აღნიშნული პრაქტიკა გრძელდება დღესაც. მთავრობამ არა თუ შეამცირა ხარჯები, არამედ საგრძნობლად გაზარდა მოცემული ინდიკატორი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, ნაცვლად კაპიტალური პროექტების დაფინანსების ზრდისა.
ამის ნათელი მაგალითია, რომ მთავრობის №422 განკარგულების შემდეგ მთავრობამ მოიწყო პირადი კეთილდღეობა. მაგალითად, კანცელარიაში ჩაატარა საკამოდ ძვირადღირებული კაპიტალური რემონტი.
2012 წელთან შედარებით საქართველოს მთავრობის წევრთა ნათესავებისა და მათი აქტივისტების შენახვა საქართველოს მოსახლეობას 456მლნ ლარით მეტი გვიჯდება", - განმარტავს დეპუტატი.
მაჭავარიანს შენიშვნები შიდა ვალთან დაკავშირებითაც აქვს და აღნიშნავს, რომ კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს შიდა ვალით სარგებლობას.
"მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ 2016 წელს 200 მილიონი ლარით გაზარდოს ქვეყნის შიდა ვალი. ეს არის გაუმართლებელი ნაბიჯი, რადგან მოცემული ვალი უფრო ძვირი ჯდება, უარყოფით გავლენას ახდენს ლარის კურსზე და მოაქვს სხვა არასასურველი შედეგები ქვეყნის ეკონომიკისთვის.
სასურველია, რომ მთავრობამ შეწყვიტოს შიდა ვალის ზრდა, რომელიც 2014-2015 წლებში დაახლოებით 1 მილიარდ ლარამდე გაზარდა და თითქმის გააორმაგა შიდა ვალის მოცულობა. მან რეკორდულ თანხას მიაღწია", - აღნიშნავს მაჭავარიანი.
დეპუტატი ლარის კურსზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში იქნება კვლავ არასტაბილური.
"ბიუჯეტში დაგეგმილია, რომ ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში იქნება 2.40. (შეგახსენებთ, 2015 წლის ბიუჯეტში 1.8 ლარით იყო დაანგარიშებული) თუმცა ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული არავითარი ფორს-მაჟორული მდგომარეობა, სადაც მთავრობას ექნება გადაწყვეტის გზები ლარის კურსის არასტაბილური მაჩვენებლის პირობებში", - აცხადებს დეპუტატი.
რაც შეეხება პრივატიზაციას, მისი თქმით, პრივატიზაციიდან მისაღები თანხების მოცულობა შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ "მთავრობამ კიდევ ერთ დაპირებაზე თქვა უარი, რომელიც გულისხმობდა ლარის კურსის სტაბილურობისთვის და ეკონომიკური ზრდის წახალისებისთვის პრივატიზაციის დაჩქარებას და მასშტაბების გაფართოებას".
"ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, 2015 წელს პრივატიზაციის კუთხით უნდა შემოსულიყო 250 მლნ დოლარი, რაც ვალუტის კურსის დასტაბილურებას შეუწყობდა ხელს.
2016 წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული გადასახადების შემცირება. იმ ფონზე, როდესაც 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით არ არის გადასახადების შემცირება გათვალისწინებული, საქართველოს მთვრობამ გააუქმა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება, რაც გადასახადების შემცირების ალტერნატივა იყო დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის. 2014 წელს მოსახლეობას დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაუბრუნდა 127 მლნ. ლარი, ხოლო 2015 წელს - 125,7 მლნ. ლარი.
შეგახსენებთ, რომ დაუბეგრავი მინუმის დაბრუნება იყო ალტერნატივა მთავრობის მიერ შემოთავაზებული შემოსავლების 20%-დან 15%-მდე შემცირებისა", - განმარტავს დეპუტატი.