ივერიონი / მამუკა გიორგაძე: ივანიშვილმა მარგელაშვილი პრეზიდენტად „პლასტელინისგან“ გამოძერწა და ახლა თავს ყველაფრის უფლებას აძლევს!

მამუკა გიორგაძე: ივანიშვილმა მარგელაშვილი პრეზიდენტად „პლასტელინისგან“ გამოძერწა და ახლა თავს ყველაფრის უფლებას აძლევს!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

 

-ბატონო მამუკა, ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლაში ისევ ამოტივტივდა პრეზიდენტის რეზიდენციის თემა. კატეგორიული იყო ივანიშვილის სიტყვები, „მას სურს თუ არ სურს, ეს ასე უნდა მოხდეს“, ანუ საუბარია მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში გადასვლის აუცილებლობაზე.

 

სხვათაშორის, საზოგადოება კიდევ ერთხელ გააღიზიანა ამ თემის ხელახლა წამოწევამ. ვინაიდან საქმე ეხება პრეზიდენტს და სახელმწიფოს უმაღლეს მთავარსარდალს. როგორია თქვენი კომენტარი?

 

-უპირველეს ყოვლისა, შემაშფოთებელი და ძალიან საშიშია, როდესაც პოლიტიკურ სტრუქტურაში არმყოფი ადამიანისგან ჩვენ გვესმის ხელისუფლების მიმართულებით განხორციელებული ასეთი შეკვეთა. ეს არცერთ შემთხვევაში არ აიხსნება რაიმე პოლიტიკური მიზანშეწონილობით. ეს უფრო მეტად პიროვნული ახირების დაკმაყოფილების სახეს ღებულობს, რაც კიდევ ერთელ  ვიმეორებ, ძალიან საშიში ტენდენციაა!

 

როდესაც, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური  ინფრასტრუქტურის სრული უგულებელყოფა ხდება და მნიშვნელობა ენიჭება არა კანონსა და კონსტიტუციას, არამედ, გარკვეული კლანებისა და ჯგუფების ინტერესების დაკმაყოფილებას, ჩვენ ყველას თვალში ე.წ „ბანანის სახელმწიფოს“ შთაბეჭდილებას დავტოვებთ.

 

ამის მორალური საფუძველი მარგველაშვილმა ივანიშვილს მისცა. როდესაც  ივანიშვილმა მარგველაშვილი „პლასტელინისგან“ გამოძერწა პრეზიდენტად, ბუნებრივია ამით მან,  მასზე მორალური უპირატესობა მოიპოვა.

 

საზოგადოება უნდა დაფიქრდეს ამაზე, რადგან არ შეიძლება პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა  სხვისი ხათრით, სხვისი ავტორიტეტით იყოს არჩეული. სწორედ ამიტომაც არის, რომ უმეტეს შემთხვევაში პარლამენტის შემადგენლობა, მთავრობა ორიენტირებულია არა იმაზე, თუ როგორ გააკეთოს საქმე, არამედ, როგორ არ აწყენინოს იმ ერთ პიროვნებას.

 

ფაქტობრივად ჩვენ მივედით იმ ნიშნულამდე, რომ, რაც კონსტიტტუციაში წერია: „რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი“  ეს შეცვლილია და ახლა ხელისუფლების წყარო არის ერთი პიროვნება-უმთავრესია ის, რომ დღეს დარღვეულია კონსტიტუციის ეს უპირველესი მოთხოვნა!

 

დანარჩენი, რაც ხდება ქვეყანაში, სწორედ აქედან გამომდინარეა. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს სხვისი ხათრით, ემოციურ ფონზე, ვიღაცის მაღალი რეიტინგის გამო ხელისუფლების დაკომპლექტების მავნე პრაქტიკა და შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნას ის ხალხი, რომლებსაც უშუალო პასუხისმგებლობა აქვს ხალხის წინაშე. დღეს „ქართულ ოცნებას“ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა არ გააჩნია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი ქართველ ხალხს არ აურჩევია!

 

-ივანიშვილმა ასევე არაორაზროვნად განაცხადა, რომ ბევრი სამთავრობო ორგანიზაციის ნეგატიური საქმიანობა ზიანს აყენებს სახელმწიფოს.

 

ამ განცხადებასაც საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა, როგორც არასამთავრობო ასევე საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდან. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს: ივანიშვილი ღიად ილაშქრებს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ თუ ცალკეულ, მისთვის არასასურველ ენჯოებს სურს გაუსწოროს ანგარიში? თქვენი კომენტარი...

 

-ეს პრობლემა ორი საკითხისგან შედგება. პირველი არის ის, რომ მცირე ჯგუფის ადამიანებს მონოპოლირებული აქვთ სამოქალაქო სექტორი. ეს ადამიანები გამოდიან, როგორც ყველა საკითხში ყველაფრის მცოდნენი  და ფაქტობრივად საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებას წარმართავენ. ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რომელიც შევარდნაძის დროს დამკვიდრდა, რამაც სააკაშვილის დროს პიკს მიაღწია და რომელიც, დღესაც წარმატებულად ვრცელდება.

 

ფაქტობრივად, შეიქმნა რაღაც ინსტიტუტი არასამთავრობო ხალხის სახით, რომელსაც მთელი საზოგადოების სახელით ლაპარაკის უფლება მისცეს. არ არსებობს პროცესი, რომელშიც ეს ადამიანები არ იყონ ჩართულნი.

 

ბიძინა ივანიშვილი ერთის მხრივ, ამ მავნე პრაქტიკას აგრძელებს საქართველოში და ხელს უწყობს მონოპოლიზირებულ გარემოს. დიახ, ერთის მხრივ, მან მათ შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი ასეთი არაჯანსაღი ტიპაჟებისთვის და მეორეს მხრივ,  რომელიც მას არ მოეწონება, პიროვნულად ებრძვის-ეს ნიშნავს ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს.

 

აი აქ არის პრობლემა, რომ მას აწყობს მონოპოლიზირება სამოქალაქო სექტორის , იმიტომ, რომ უფრო მარტივია მერე მთელს მსოფლიოს აცნობო, რომ ეს არის სამოქალაქო აზრი საქართველოში.

 

 

 

   ესაუბრა მედეა შელია

11-11-2015, 15:06
უკან დაბრუნება