ამ საარჩევნო წელიწადმა ხაზი უნდა გაუსვას საქართველოში დემოკრატიის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომელიც ავლაბრის სასახლეში გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებით მიმდინარეობს.
აღნიშნულ კონტექსტში ქვეყნის პირველმა პირმა ხაზის გაუსვა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრები და დისკუსია აუცილებელია.
"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდეს საინტერესო დისკუსია. გვსურს მადლობა გადავუხადოთ გაერო-ს განვითარების პროგრამას ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ჩვენ ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში - შევდივართ საარჩევნო წელიწადში, რომელმაც ხაზი უნდა გაუსვას საქართველოში დემოკრატიის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს. შესაბამისად, საუბრები ამ და სხვა თემებზე ყოველთვის მისასალმებელია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "სხვა ქვეყნებთან საქართველოს პარტიორობის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებისა და დისკუსიებისთვის ყოველთვის ღია იქნება".