გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, "რუსთავი 2-თან" დაკავშირებული პროცესები თუ სადმე არ გაჩერდა და მეტი კონფრონტაცია შეიძინა , უარესი სურათი დადგება. როგორც ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლა საჭიროა სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
"მე აქამდეც ვამბობდი, რომ თუ პროცესები წავიდოდა ასე ღრმად, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ბევრ ვინმეს და ბევრ რამეს. ზიანი მიადგა მმართველ გუნდს და ხელისუფლებას ვინაიდან გაკეთდა საერთაშორისო დონეზე არაერთი განცხადება, დაიწერა უამრავი უარყოფითი სტატია საერთაშორისო მედიაში, რაც ძალიან ცუდია. ზიანი მიადგა "ნაციონალურ მოძრაობას" გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერებით. ზიანი მიადგა სასამართლოს. როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთოს იუსტიციის საბჭომ, ფაქტია, გადაწყვეტილებები რაც მიიღო ურთმელიძემ, ძალიან საეჭვოა. ზიანი მიადგა უშუალოდ მედიას. ზიანი მიადგა "რუსთავი 2-ს", რადგან დარტყმები რაც მიიღო, არის შორსმიმავალი. ბიზნესკომპანიები დაფიქრდებიან განათავსონ თუ არა რეკლამა ისეთ არასტაბილურ მედიასაშუალებაში. ახლა საჭიროა სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სადღაც უნდა გაჩერდეს პროცესი და თუ მეტი კონფრონტაცია შეიძინა, უარეს სურათს მივიღებთ", - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა საზოგადოებრივი და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართაც.
"გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ არხს, სადაც მოყვანილი იყო კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ 94%-ს არ უნდა საერთოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ეს არის აგრესიული დამოკიდებულება", - აღნიშნა ტუღუშმა.
ტუღუში მიიჩნევს, რომ ეს პროცესები, რომელიც ვითარდება, ანტიდასავლურ ძალებზე დადებითად მოქმედებს.
"ეს მოვლენები შესაძლოა ერთადერთი პრობლემა არ იყოს ანტიდასავლური ძალებისთვის. მათთვის ძალიან კარგი სიტუაციაა. ჩვენ თუ ასე უგუნურად გავაგრძელეთ ეს პროცესები, მომავალ არჩევნებზე სხვა პოლიტიკური ძალები იქნება ყველაზე კონკურენტუნარიანი", - აღნიშნა ტუღუშმა.