"ხელისუფლებამ თქვა, მე არ მაინტერესებს ხალხის აზრი, ნამდვილი არჩევანი, მე მაინტერესებს ჩემი კაცი პარლამენტში," - ამის შესახებ "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი, საგარეჯოში ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებით, აცხადებს.
როგორც თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება, რომელიც ამ გზით მიდის, ხალხის ხელისუფლება არ არის.
"ხელისუფლებამ თქვა, მე არ მაინტერესებს ხალხის აზრი, ნამდვილი არჩევანი, მე მაინტერესებს ჩემი კაცი პარლამენტში. ხელისუფლება, რომელიც ამ გზით მიდის, ხალხის ხელისუფლება არ არის. სამარცხვინოდ მიმაჩნია, რაც ორმა მინისტრმა გააკეთა. თუ აქვს ძალა და ვაჟკაცობა, ბატონ ღარიბაშვილს, ერთი და მეორე მინისტრიც უნდა გაუშვას მთავრობიდან, მთელი სამინისტროები ჩართეს არჩევნების პროცესში, ჯარისკაცები ჩართეს... ჯარს მიაყენეს შეურაცხყოფა, როცა ჯარისკაცებს უთხრეს კონკრეტულ კანდიდატს მიეცით ხმაო," - აღნიშნა თემურ შაშიაშვილიმა.
"თეთრების" ლიდერის თქმით, აგრესიული პოლიტიკოსების პარლამენტში ყოფნის წინააღმდეგია.
"პირადად მე ნამდვილად არ ვარ ირმა ინაშვილის მომხრე, ვაღიარებ, უდავოდ ნიჭიერი ჟურნალისტია, მაგრამ მისი სტილის, ვგულისხმობ აგრესიულ პოლიტიკას, პოლიტიკოსების პარლამენტში ყოფნის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ის, თუ როგორ ჩაატარა ხელისუფლებამ არჩევნები, არის ქუჩის გზა და რევოლუციის გზა. ჩვენ წინ არჩევნები გველოდება და თუ ხელისუფლება ამის მსგავს ელემენტებს დაუშვებს, მაშინ მართლაც სხვა გადაწყვეტილებაა მისაღები!" - განმარტა შაშიაშვილმა.
"თეთრების" ლიდერის აზრით, არჩევნებზე ვინც არ მიდის, ის უბედურ ხელისუფლებას ირჩევს.
"ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა თქვა ასეთი რამ, "დავუჩოქებ საქართველოს მოსახლეობას და ვთხოვ არჩევნებზე მივიდეს, იმიტომ ვინც არ მიდის არჩევნებზე, იმათ მოჰყავთ ეს უბედური ხელისუფალნიო!" გენიოსი კაცია ბატონი მერაბ ბერძენიშვილი მას სრულიად ვეთანხმები, ვინც არ მიდის არჩევნებზე, ისინი არმისვლით ირჩევენ ცუდ ხელისუფლებას! ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ," - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.