ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი, ახალი პოლიტიკური პარტია გამოჩნდება. როგორც ქართული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, პაატა ბურჭულაძემ და ვანო მაჭავარიანმა ფონდი დააარსეს, რომელიც უახლოეს 2 თვეში პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი“, 2015 წლის 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ამავე მონაცემებით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარეა პაატა ბურჭულაძე. წევრები არიან: ივანე მაჭავარიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი. ივანე მაჭავარიანი ასევე იკავებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.
ირაკლი გურჩიანი "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელია, ხოლო მერაბ ტყეშელაშვილიც ასევე ბიზნესმენია.
გავრცელებული ინფორმაციით, პარტიაში იქნებიან გიორგი რუხაძე (რომელიც ადრე"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი იყო), ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი.
ამ დროისთვის დასახელებული პირები ოფიციალური კომენტარებისგან თავს იკავებენ.
თუმცა, ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში პოლიტიკაში მოვიდეს.
"თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს,"– ამბობს პაატა ბურჭულაძე.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას პატრიარქის ლოცვა–კურთხევის გარეშე არ მიიღებს.