ივერიონი / მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლეს

მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლეს

რადას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი ივანჩუკმა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც ივანჩუკმა უკრაინულ ტელეარხ "24"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სააკაშვილმა მას ქურდი უწოდა.

 

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფომ მმართველობიდან უნდა მოაშოროს ოლიგარქები, რომლებიც უკრაინას თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ.

 

"ოლიგარქებს მიაჩნიათ, რომ უკრაინა მათი საკუთრებაა, აქციონერული კომპანიასავით, რომელსაც ისინი მართავენ და შემდეგ დირექტორთა საბჭოს ნიშნავენ. დირექტორთა საბჭო - არ არიან მინისტრები, ეს ის ხალხია, რომლებიც რეალურად აკონტროლებენ ჩვენს სახელმწიფოს და რომლებიც უნდა მოვაშოროთ მმართველობიდან.

 

ჩვენ უნდა მოვაშოროთ ისინი უკრაინის მმართველობას, მათ არ უნდა მიაჩნდეთ, რომ უკრაინა მათი საკუთრებაა. საკმარისია ის მილიარდები, რაც მათ ჭამეს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მილიარდების ნაწილს მაინც დავიბრუნებთ... ხოლო მანამდე, მათ უნდა დატოვონ ქვეყნის მმართველობა.

 

ეს ხალხი ძარცვავს უკრაინას. საიდან აქვთ მათ ფული? გამოსაძიებელია არამარტო კორბანის საქმიანობა, ასევე კოლომოისკის, ივანჩუკის, მარტინენკოს... ყველა ქურდი ციხეში უნდა იყოს, თუნდაც პრეზიდენტის ან პრემიერის გუნდს წარმოადგენდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ "24"-ის პირდაპირ ეთერში.

 

13-11-2015, 11:37
უკან დაბრუნება