ივერიონი / ვის მიმართავს დავით ზურაბიშვილი?

ვის მიმართავს დავით ზურაბიშვილი?

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერ დავით ნარმანიას, ვიცე მერ ლაშა აბაშიძესა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროს თემურ თორდინავას მიმართავს.

 

 დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა მათ გამსახურდიას N23ა-ს მიმდებარედ, შპს "ელზუროს" მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაგა-ბაღის "საპოვნელა" დემონტაჟისა და მის ნაცვლად მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის გათვალისწინების გამო მადლობა გადაუხადა და ამასთან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა და რომელიც საბურთალოს მუნიციპალიტეტის კოსტავა-დოლიძე-ხილიანი-ბახტრიონის ოლქის ტერიტორიაზე საბავშვო ბაგა-ბაღების ნაკლებობას უკავშირდება, კვლავ ვერ მოგვარდა.

 

,,ამიტომ, ვინაიდან საბავშვო ბაგა-ბაღის "საპოვნელა" შენობა ამ ეტაპზე არავის მფლობელობაშია და აღნიშნულ ოლქში საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა მზარდია, მოგმართავთ ინიციატივით, რომ მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნის მიზნით, შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდეს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

 

ბრიფინგის დასასრულს, დეპუტატმა საბურთალოს რაიონის გამგეობასთან მჭიდრო კომუნიკაციაზე ისაუბრა და აღნიშნული საკითხის გადაჭრის იმედი გამოთქვა.

 

13-11-2015, 13:14
უკან დაბრუნება