ივერიონი / ადვოკატის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი დაკავებულია

ადვოკატის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი დაკავებულია

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ბრალდებული შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დაკავებულია. 

 

"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ.მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. 

 

პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში დაკავებულისთვისა კანონით ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ. 

 

ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

13-11-2015, 13:32
უკან დაბრუნება