საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე დამოუკიდელმა ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფრედერიკა მოგერინიმ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის საკითხებზე საკმაოდ დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა. კერძოდ, - "იმედი მაქვს, საქართველო პოზიტიურ ახალ ამბებს გაიგებს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირევბით." მეტიც, მან ხელისუფლების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ შიდა პოლიტიკის ორომტრიალში მოგერინის განცხადებებისთვის ბევრს არც არავის მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება. თქვენი აზრით, რატომ? რატომ ვერ ახერხებს პოლიტიკური კლასი, საზოგადოება და თუნდაც მედია, რომ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება და უძვირფასესი დრო და ნაციონალური ენერგია უაზრო და არაფრისმომცემ შიდა გარჩევებზე არ დაიხარჯოს?
- სამწუხაროა, რომ უპასუხიმგებლობა ქართული საზოგადოების ტოტალურ სენად იქცა. სამწუხაროდ, ჩემი დაკვირვებით, ეს შეეხო ყველა სოციალურ ფენას. ამის კარგი დასტურია ის, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ. ეს ეხება მოგერინის ვიზიტისა და ძალიან იმედისმომცემი მესიჯებისთვის წაყრუებასაც. არავინ არ აკნინებს "რუსთვი-2"-ის გარშემო დაწყებულ პროცესს, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემაზე გაჩენილ ძალიან ბევრ კითხვას. ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიღწევად ითვლებოდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მაგრამ ახლა მისი დამოუკიდებლობა სულ უფრო მეტად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუმცა, ამ ეტაპზე ცალკეული მოსამართლეების დონეზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, მედიის ა და სასამართლოს თავისუფლების თემის დაკნინება შეუძლებელია, მაგრამ ამავდროულად მთელი ჩვენი ენერგია, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ალბათ უფრო შეგნებულად, პროეცირებულია შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური და საგარეო ეკონომიკური თემები ყურს მიღმა რჩება. ამის გარეშე კი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია.
ისეთი პოზიტიური მესიჯი, რაზეც მოგერინიმ ვიზალიბერალიზაციის თემაზე ბრძანა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ დასავლეთისგან არ გვსმენია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო იმაზე, მივიღებდით ჩვენ ევროპასთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმს, თუ არა. ანუ, ეს საჩუქარი ერგებოდა თუ არა საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. უვიზო რეჟიმი არის ის ერთადერთი ბენეფიტი, რაც თავისუფალი ვაჭრობის შემდეგ შეიძლება საქართველოს მისცეს. 2016 წლის არჩევნების წინ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა პროდასავლურ ძალებს რაღაც ხელშესახები ჰქონდეთ მისატანი საკუთარ ამომრჩეველთან. ეს მაშინ, როცა სრულიად მიზანმიმართულად მიდის დასავლური ღირებულებებისა და დასავლური საგარეო ოლიტიკური კურსის, როგორც ღირებულების დევალვაცია. რადგან ჩვენ საუბარი საგარეო პოლიტიკის თემით დავიწყეთ, აქვე მინდა ვთქვა, დღეს საქართველოს იმდაგვარი შესაძლებლობები აქვს, რომელიც აქამდე არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საკმაოდ ბევრი საგარეო გამოწვევები აქვს. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებდი საგარეო ეკონომიკურ პერსპექტივებზე, განსაკუთრებით ჩინეთისა და ირანის დაინტერესებაზე საქართველოთი. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩვენ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ქართული წარმოების პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე გავიტანოთ საბაჟო გადასახადის გარეშე. ეს გახლავთ ის ამოსავალი წერტილი, რომელმაც საქართველო რეგიონის მამოძრავებელ ეკონომიკურ ღერძად აქციოს. სწორედ ამის გამო საქართველოს მიმართულებით ძალიან დიდი ინტერესი გამოიხატა ჩინეთისა და ირანისგან და იკვრება სამკუთხედი წვერით საქართველოში. ერთი წვერია დასავლეთში, მეორე კიდევ აღმოსავლეთში თავისი ამოუწურავი ფინანსური რესურსებით. ამ თემებზე კონცენტრირებას იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს თავად ხედვა, რა არის მისთვის პრიორიტეტული. ახლი ხელისუფლების პირობებში ჩვენ უკვე სამი წელია, არ ვიცით, როგორ საქართველოს ვაშენებთ, საით მივდივართ. პროდასავლური კურსის დეკლარირება სახელმწიფოს განვითარების ხედვის ქონას არ ნიშნავს. ეს მხოლოდ კურსის დეკლარირებაა და არა იმის ცოდნა, თუ როგორი საქართველო გვინდა და როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ.
ხელისუფლებამ საზოგადოებას გამაერთიანებელი იდეა ვერ შესთავაზა. ჩემი აზრით, ამიტომაცა გვიჭირს პრიორიტეტების განსაზღვრა. ძალიან იოლია, საზოგადოების ყურადღება გადაიტანო ისეთ თემებზე, რაც შეიძლება იყოს მიმდინარე და მეორე ხარისხოვანი და ყურს მიღმა დარჩეს ის თემები, რომელიც ჩვენი განვითარებისათვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. და მეორე - მე არ გამოვრიცხავ, რომ ამას ჰქონდეს მიზანმიმართული ხასიათი. ამის მიზანი შეიძლება იყოს ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის, როგორც ღირებულების ნიველირება. მეტიც, ზედაპირზე ამოვიდეს ისეთ თემებზე მსჯელობა, თუ რა მოგვიტანა დასავლეთმა. შეიძლება, ამის მიზანი იყოს საზოგადოების სრულ იმედგაცრუებაში და ფლუსტრაციაში დატოვება. ასეთი საზოგადოება ფაქტობრივად გასულია "მომსახურების ზონიდან" და პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობს. იმედის გარშე დარჩენილი საზოგადოება ყველაზე იოლად სამართავია და იგი აღარა ავლენს პროცესებში მონაწილოების სურვილს, რადგან ვერ ხედავს თუ საით მიდის ქვეყანა.
- როგორ შეაფასებდით შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას მას შემდეგ, რაც "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით პროცესები ფორსირებულად განვითარდა? ვგულისხმობ მოსამართლე ურთმელიძის განჩინებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სამართლებრივად მთლად გამართული არ აღმოჩნდა. ასევე იმას, რომ დროებითი მმართველები შეეცადნენ, პასუხიმგებლობა "რუსთავი-2"ის გენდირექტორის მოადგილე ზაალ უდიმაშვილისთვის დაეკისრებინათ და "რუსთავი-2"-მა სასამართლოსა და მოდავე მხარეს სიტუაციიდან გამოსვლის მათეული, ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზეს?
- "რუსთავი-2"-ის ირგვლივ განვითარებული პროცესები შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების გამოძახილია. იგი ერთგვარად იქცა ათვლის ახალ წერტილად. შეიძლება ითქვას, რომ დეტანატორადაც იქცა გარკვეული პროცესების. "ენ-დი-აი"-ს კვლევის შედეგები ხელისუფლებისათვის იმდაგვარ წითელ ნაჭრად იქცა, რაზეც ხარები მწვავედ რეაგირებენ. ხელისუფლებაზე ხშირად საუბრობდნენ, როგორც უნიათოსა და უსუსურზე. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ შინაარსში გამოთქვამდა გულისწყრომას, თუ რატომ არ არის იგი ძალისმიერი. უნდა ითქვას, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელისუფლებისგან ითხოვს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. ეტყობა, ხელისუფლებამ უცებ გადაწყვიტა, რომ 3-წლიან დემოკრატიული იერზე უარი თქვას და საზოგადოებისთვის გაცილებით მისაღები და მომხიბვლელი იქნება, თუ ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს. შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ის ახალი სახე, რომლის მორგებასაც შეეცადა ხელისუფლება, აბსოლუტურად გამოუსედეგარი აღმოჩნდა მისთვის, განსაკუთრებით - დასავლეთის თვალში. ჩვენ დასავლეთისგან იმდენად მწვავე შეკითხვები მივიღეთ, რომლებიც არ გვახსოვს არამც თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში, არამედ ძალიან დიდი ხანია.
ერთი მხრივ, დასავლეთი ძალიან მკაცრი ტონით გველაპარაკება იმაზე, რომ საქართველოში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მედიისა და სასამართლოს თავისუფლების შეზღუდვას. ამ თემაზე აშშ-ის განცხადება - "ჯერ ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ განვითარდება პროცესები," ნიშნავს იმას, რომ ყველა შესაძლო ვერბალური მესიჯი, სიტყვიერი კომუნიკაციის ყველა მეთოდი ამოწურულია. ანუ, თუკი ამის შემდეგ გაგრძელდება ამდაგვარი ქმედებები, დასავლეთი დაიწყებს სანქციების ენით საუბარს, რაც ქვეყნისთვის, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, ამის პარალელურად, ჩვენ ვიგებთ, რომ შესაძლოა, ძალიან მალე პოზიტიური ინფორმაცია შევიტყოთ ვიზალიბერალიზაციასთან და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ მოისმინოს. დასვლეთი ორმაგი სტანდარტებით კი არ გვიდგება, არამედ მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ არ მოგვეცა ახლა უვიზო რეჟიმი, ან რაიმე ტიპის სანქციებზე იქნა საუბარი საქართველოს მიმართ, ეს საქართველოს საზოგადოების გზააბნეულ ნაწილს, ისევე როგორც ხელისუფლებაში ჩაბუდებულ რუსეთისკენ მომზირალ ადამიანებს, კიდევ უფრო უბიძგებდა რუსეთისკენ.
- ხელისუფლება კი აცხადებს, რომ "რუსთავი-2"-ის საქმეში არ ჩარეულა, მაგრამ მათ ოპონენტებს და საზოგადოებიოს საკმაოდ დიდ ნაწილს ამის არ სჯერა. მეტიც, რჩება შთაბეჭდილება, რომ "რუსთავი-2"-ის სასამართლო პროცესმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, დააზარალა როგორც ხელისუფლების, ისე "ნაციონალების" რეპუტაცია. დასავლელი პარტნიორები გაკვირვებას ვერ მალავენ, თუ რაში დასჭირდა ხელისუფლებას საარჩევნო წელს "რუსთვი-2"-ის მფლობელების საქმის წამოწყება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობას" მისი ცნობადი სახეები ტოვებენ. სულ ახლახან "ნაცმოძრაობის" რიგები დატოვა პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრო ბარნოვმა. თქვენი აზრით,
"რუსთავი-2"-ის სასამართლო პროცესი როგორ აისახა როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალების" რეიტინგზე და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე?
- მე შემთხვევით არ მიხსენებია, რომ "რუსთავი-2"-ის სასამართლო პროცესი პოლიტიკური პროცესების დეტონატორი აღმოჩნდა. ამ პროცესმა წარმოაჩნა ის პრობლემები, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს. ეს ეხება როგორც მმართველ ძალას, ისე დანარჩენ ოპოზიციასა და განსაკუთრებით - "ნაცმოძრაობას". ამ პროცესმა ტოტალური იმედგაცრუება გამოიწვია, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ თუნდაც ხელისუფლებამ თავის მხრადაჭერებში რამე მოიგო. მან ვერ მოიგო საზოგადოების იმ ნაწილში, ვინც ელოდა ხელისუფლებისაგან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, ვერ მოიგო ვერც იმ ნაწილში, რომლისთვისაც ამ ხელისუფლების მთავარი ხიბლი იყო სწორედ ის, რომ მედია იყო თავისუფალი, აზრის გამოხატვა იყო უზრუნველყოფილი, სასამართლო იყო თავისუფალი და ადამიანის უფლებები იყო დაცული. ერთი ხელის მოსმით შეეცადა ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის გადაესვა ხაზი. ამიტომ, უკანასკნელ პერიოდში გადაგმული ნაბიჯებით ხელისუფლებას საზოგადოების არც ერთ სეგმენტში მისთვის მომგებიანი ნაბიჯი არ გადაუდგამს. აღარაფერს ვამბობ დასავლეთზე. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ "ნაცმოძრაობამ" თავისი არსებობა დაასრულა არა იმდენად 2012 წლის 1 ოქტომბერს, არამედ სწორედ ენ-დი-აის კვლევების გამოქვეყნებისა და
"რუსთავი-2"-ის ირგვილ განვითარებული პროცესებისა და ჩანაწერების საჯარო სივრცეში მოხვედრის ფონზე. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მეტად დაზარალებული საზოგადოებაა.
- მხარდამჭერების რაოდენობით როგორადაც არ უნდა მოჰქონდეთ თავი ხელისუფლებას ან "ნაცმოძრაობას", ფაქტია, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს თავად მათ ჰგონიათ. ენ-დი-აი-ს კვლევამაც დაადასტურა, რომ საკმაოდ მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ დაუჭრედნენ მხარს უახლოეს მომავალში არჩევნები რომ იყოს. ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია. არჩევნებამდე 11 თვის ადრე თქვენ როგორ დაახასიათებდით ქართულ პოლიტიკურ მოედანს? უპირველესად ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება როგორც იტყვიან, არც ისე პოპულარულია, "ნაციონალები" ისე ძლევამოსილად არ გამოიყურებიან, მაგრამ თავიანთ მხარდამჭერებს ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებენ, დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, ზოგი კომაშია და პულსი არ ესიჯება, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად ხმამაღალ განცხადებებს კი აკეთებენ?
- დიახ, ამ პროცესებიდან ყველაზე მეტად დაზარალებული საზოგადოებაა. არც ერთი პოლიტიკური ძალის რეიტინგი, ნდობა და მათდამი მიმდობლობა არ არის იმგვარი, რომ ჩვენ გვქონდეს პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიები. ასეთ სივრცეში ყოველთვის მაღალია იმის ალაბათობა, რომ პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური ავანტიურისტები შემოვარდნენ. ეს ეხება როგორც შიდა პოლიტიკურ ძალებს, ისე გარედან პროცესებზე ზემოქმედების ხარისხს. ასეთ ვითარებაში მანიპულაციების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს საზოგადოების მხრიდან იმხელა ნდობა, რომ მან შეძლოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სტაბილურ ნაკადში მოაქციოს. ჩემი აზრით, ხელისუფლება ძალიან ცუდს აკეთებს, რომ ცდილობს არჩევნებში ძალიან ცოტა ფული დახარჯოს. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? როგორც ჩანს, ხელისუფლება შეეცდება, არა იმდენად პოზიტივზე ააგოს წინასაარჩევნო კამპანია, ანუ პოზიტიური იდეების შეთავაზებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ნეგატივზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მიზანია, აჩვენოს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა "ქართულ ოცნებაზე" ცუდია. ამიტომ, - შენ ამომრჩეველო სხვა გამოსავალი არა გაქვს. ან უნდა დარჩე სახლში არჩევნების დღეს, ან უნდა მოხვიდე და სწორედ მე უნდა მომცე ხმა. ასეთი ტიპის კამპანია გაცილებით იაფი ჯდება. მაგრამ ეს გახლავთ საკუთარი საზოგადოების ფსიქოლოგიური ტერორი. მეტიც, დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება საარჩევნო კამპანიაში გამოიყენებს საშინლად დამთრგუნველ ფარულ ჩანაწერებს და ამით შეეცდება ოპონენტების დისკრედიტაციას. რატომღაც მგონია, რომ ამგვარი ჩანაწერები სხვა პოლიტიკურ ძალებსა და აქტორებზეც არსებობს, ან მზადების პროცესშია და მათი გამოყენება მოხდება. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს იქნება საკუთარ საზოგადოებაზე უზარმაზარი ექსპერიმენტის ჩატარება, რომლის შედეგები დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც საზოგადოებისათვის, ისე მთლიანად ქვეყნისათვის.
- დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ მომავალ პარლამენტში ბევრი პოლიტიკური ძალა გავა. სავარაუდოდ, ისინი საკმაოდ განსხვავებული მსოფლმხედველობისა და მიზნების იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ურთულესი პროცესები მიმდინარეობს, ფაქტია, რომ საქართველოს ბევრი, საკმაოდ კარგი შანსი ექნება, განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეკონომიკა. ამის გაკეთება რომ გახდეს შესაძლებელი, საზოგადოება კონსოლიდირებული და ხელისუფლება ეფექტური უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლებას ესმის, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საზოგადოება 2016 წლის არჩევნებს კონსოლიდირებული შეხვდეს? თქვენი აზრით, რატომ?
- ამ საკითხზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. ხელისუფლებას თავად არ აქვს ხედვა, როგორი სახელმწიფო უნდა რომ ააშენოს. ჩემი აზრით, მას სწორედ ასეთი ტიპის, დათრგუნული საზოგადოება სჭირდება, რომელსაც აღარ ექნება სურვილი, ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესებში. კონსოლიდირებული საზოგადოება გაცილებით მომთხოვნია. მან არ იცის თუ რის გარშემო უნდა მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება. მეორეცაა, მას არც აწყობს კონსოლოდირებული საზოგადოება. მმართველ ძალას ჰგონია, რომ ხელისუფლებას კონსოლიდირებული საზოგადოების უნდა ეშინოდეს, არადა პირიქითაა. თუ ხელისუფლება დაუსახავს საზოგადოებას ზუსტ და პოზიტიურ მიზანს, ასეთი საზოგადოება მისი უპირველესი პარტნიორი იქნება. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ეს სამწუხაროდ, არ ესმის. შედეგი კი ასეთია - დღეს, როცა ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შანსები გახდეს რეგიონის ეკონომიკური განვითარების ღერძი, რაც იქნება მისი უსაფრთხოების მთავარი პარადიგმა, ანუ ჩვენთი უსათრთხოებით დაინტერესებული იქნენ აშშ, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, ჩვენი უახლოესი სამეზობლო და რუსეთი, ეს რა პოტენციალის მომტანი იქნება ქვეყნისთვის. ეს ხომ რეალური პერსპექტივაა. რაც უფრო ბევრი ფული ჩაიდება საქართველოში, შემდეგ ეს ფული თავად უზრუნველყოფს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და კონსენსუსს ამ ქვეყნის უსართხოების თაობაზე. ამგვარი პერსპექტივა რეალურად არსებობს და ხელისუფლება ვერ ახერხებს საზოგადოებამდე ამ იდეების მიტანას. აუცილებელია, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდეს ახალი ძალა, რომლის მთავარი მესიჯი იქნება გაერთიანება და არა დაყოფა და დაპირისპირება, რომელიც ასპარეზზე გამოიყვანს ახალ თაობას, რომლის მისია იქნება ახალი თაობის, ახალი გონისა და ენერგიის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანა. საზოგადოებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტივზე ორიენტირებული იდეების შემოტანა. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი პოზიტიური პოლიტიკური ძალა გამოჩნდება.
- ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს მოუწევს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება, სურს ეს მას, თუ არა; რომ ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თუმცა, გაურკვეველი რჩება, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ამ თემაზე უამრავი აზრი გამოითქვა. ბევრმა პრობლემის გადაჭრის მისეული რეცეპტებიც არ დაიშურა. თქვენ რა ახსნას მოუძებნიდით იმას, რაც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით ხდება?
- ამ პროცესის დასაწყისში ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა ასეთი - თუკი პრეზიდენტი გადავიდოდა ავლაბრის რეზიდენციაში, უნდა ყოფილიყო დათქმა, რომ ათონელზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ იგი ათონელზე გადავიდოდა. ანუ, ავლაბრის რეზიდენცია დროებით ტრანზიტულ ფუნქციას შეასრულებდა. მაგრამ, დღეს საუბარი პრეზიდენტის გამოსახლებაზე, თან ნებისმიერი მეთოდით, აბსოლუტურად გაუგებარია. დღეს როცა ბევრს საუბრობენ იმაზე რომ მიმდინარეობს ძალადობა მედიაზე, სასამართლოზე, ჩვენ რა შვრებით? გვინდა გავასამოთ და უშვებთ ძალადობას პრეზიდენტზე? თუ ასეა, მე როგორც რიგით მოქალაქესა და ამომრჩეველს მაქვს კითხვა - რა მრჩება მე? როცა დაცული არა მედია, სასამართლო და პრეზიდენტი, მე მრჩება ვიფიქრო ემიგრაციაში წასვლა და სხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის ძიება. რატომ ეკიდება ამგვარად ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ბედს. რატომ აკეთებს ისე, რომ საქართველოს მოქალქეები იძულებული გახდნენ მივიდნენ ამ დასკვნამდე. სამართლებრივი არის თუ არა დღეს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ყოფნა, მომგებიანია თუ წამგებიანია ეს ეკონომიკურად, მორალურია თუ არ არის მორალური, ეს ყველაფერი უკანა პლანზე იხევს იმ პროცესების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სამწუხაროდ, ჩვენ გვეძლევა ასეთი, ძალიან მძიმე დასკვნის გაკეთება. არ მინდა, რომ ჩვენი მოქალაქები ასე ფიქრობდნენ და ჩვენზე დასავლეთს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გარანტორია, ასეთი შთაბეჭდილება რჩებოდეს. ფაქტია, რომ რიგითი მოქალაქეების დაუცველობა კითხვის ნიშნიშ ქვეშ დგება. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი. კარგი იქნება თუ იგი ამ თემაზე სხვადასხვა ინსინუაციებს თავს დაანებებს. ძალიან მინდა ჩემი ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ამ ქვეყნის ხელისუფლებას.
წყარო : "ინტერპრესსნიუსი"