ივერიონი / დემურ გიორხელიძე: ღმერთმა დაგვიფაროს სერიოზული კრიზისისგან, თორემ, დღევანდელ ხელისუფლებაში სწორი გადაწყვეტილების მიმღები არ ჩანს!

დემურ გიორხელიძე: ღმერთმა დაგვიფაროს სერიოზული კრიზისისგან, თორემ, დღევანდელ ხელისუფლებაში სწორი გადაწყვეტილების მიმღები არ ჩანს!

„ივერიონს“ ტერორისტულ აქტებზე და მოსალოდნელ საშიშროებებზე ესაუბრება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

 

- მსოფლიო შეძრა საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტმა, რომელიც შეიძლება სხვა სახელმწიფოებსაც გადაედოს, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ამ მხრივ დაზღვეული არც საქართველოა. საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები, ვინ კვებავს მას და როგორ შეიძლება მისი შეჩერება? 

 

-ისეთი კითხვა დასვით, საათობით შეიძლება საუბარი... მოკლედ გეტყვით: პრობლემის სათავე - გლობალური პოლიტიკაა! მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების შეუთანხმებელი პოლიტიკა და თამაში ე.წ. "ნულოვანი ჯამით", - ანუ ერთი იგებს იმას, რასაც აგებს მეორე. ეს პოლიტიკა 21-საუკუნეში კონტრპროდუქტიულია და შედეგი ასეთი პოლიტიკისა - სახეზეა... 

 

ცხადია, შესაძლებელია "ისლამური სახელმწიფოს" შეჩერება, მაგრამ... ეს არ წყვეტს პრობლემას ახლო აღმოსავლეთში და არაბულ სამყაროში - პრობლემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამძაფრდა, - არ გადაწყვეტილა - არც დღესაა რაიმე გადაწყვეტილი... ან გლობალური დარეგულირება მოხდება ახლო აღმოსავლეთისა, ანდა ეს უმნიშვნელოვანესი რეგიონი მუდმივად იქნება უდიდესი საფრთხის შემცველი... 

 

ჩვენ 2 დიდი საფრთხის წინაშე ვდაგავართ: ჯერ ერთი ის, რომ ეს რეგიონი სულ რამდენიმე ასეული კილომეტრითაა ჩვენგან დაცილებული, მაგრამ საშიშროება მეორე ფაქტორშია: სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია - ეს ერთიანი გეოსტრატეგიული რეგიონია და მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი იქნება უახლოესი 30-40 წლის განმავლობაში - მოვლენები ერთ რეგიონში ავტომატურად განაპირობებენ მოვლენებს სხვა 2 რეგიონში... ასე, რომ პრიმიტიული ქართული საგარეო პოლიტიკა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, იმ რეგიონის აქტუალურობის ზრდის ხარჯზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზრდის რისკებს რეგიონალური კრიზისების შემთხვევაში... 

 

ახლა ისეთი სიტუაციაა, ან მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები დააბალანსებენ ინტერესებს და შეთანხმდებინ [გითხრათ სიმართლე, ნაკლები შანსია ამის], ანდა, ასეთი გლობალური მნიშვნელობის კრიზისს საშინელი ძალოვანი ფინალი ექნება... ასეთი დესტაბილიზაციის მძლავრი წყარო დიდხანს ვერ  შენარჩუნდება. ან ასე, ან ისე - სხვა შანსი ნაკლებადაა!

 

- ამერიკა-ევროპა ფიქრობს, რომ ტერორიზმს რუსეთის გარეშე ვერ გაუმკლავდება. ეს სიტუაცია  შეიძლება გახდეს მომგებიანი  რუსეთისთვის? 

 

-საკითხის ასე დასმა არ იქნება სწორი: ახლა ისეთი სიტუაციაა, ცალმხრივად ვერავინ მიიღებს სარგებელს - რუსეთი სერიოზული ძალაა და ბუნებრივია, ეს დასავლეთში სწორად არის შეფასებული... სიტუაცია იმდენად საშიში და ფეთქებადია, არავის აქვს გარანტია, რომ დაიჭერს ამ სიტუაციას, მართავს პოლიტიკური ტექნოლოგიებით და მხოლოდ თავად მიიღებს სარგებელს. 

 

გამორიცხულია... თუ სიტუაცია დაიძაბა, უკან არავინ დაიხევს [მთავარი მოთამაშეები მყავს მხედველობაში] და ეს გასაგები უნდა იყოს, როგორ შეიძლება აისახოს მსოფლიოზე და კერძოდ, საქართველოზე... ეს ძალოვანი სცენარი - ის ერთადერთია, ჩვენ რომ არანაირად გვაწყობს - საფრთხე შეიძლება გამანადგურებელი იყოს.

 

-ტერორიზმისგან გადარჩენის რა შანსი აქვს საქართველოს? 

 

- საქართველოს აქვს ერთადერთი შანსი და ერთადერთი რესურსი - გონიერება, რომელიც არ ჩანს ქართულ პოლიტიკაში, და - სიფრთხილე, რომელიც საღი აზრის დონეზე მიგაღებინებს გადაწყვეტილებებს... 

 

აი, აქ გაცილებით ცუდად გვაქვს საქმე - საღი აზრი და ქართული პოლიტიკური მართვის სისტემა - 20 წელია არავის უნახავს... რაც ახლა ხდება, მხოლოდ ერთის მიმანიშნებელია - არაპროფესიონალი ქართველი ე.წ. პოლიტიკოსები კარგად ვერ აღიქვამენ იმ საშინელ მდგომარეობას და კვლავ უაზრო ილუზიებს არიან გამოკიდებული - ღმერთმა დაიფაროს რეგიონი სერიოზული კრიზისისგან, თორემ არ ჩანს გადაწყვეტილებების მიმღებ ჯგუფში საკმარისი რესურსი, რომ გადაწყვეტილებები სწორად იქნება მიღებული.

 

-რას ფიქრობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. მისი აზრით, მოსალოდნელია თუ არა მესამე მსოფლიო ომი, რომელიც რელიგიური ნიშნით დაიწყება?

 

- გ ე ო ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი პარადიგმების დაუფარავ დაპირისპირებას რაღაც უფრო სერიოზული უნდა ედოს საფუძვლად... [მხედველობაში მაქვს ამერიკული და რუსული გეოსტრატეგიული პარადიგმების ღია დაპირისპირება]. თუ ლოგიკურად ვიფიქრებთ, დაპირისპირებული და ურთიერთგამომრიცხავი პარადიგმების ღია დაპირისპირებას რაღაც უფრო ღრმა პროცესი უნდა განაპირობებდეს... რა შეიძლება იყოს ეს?! რაღაც ძალიან ღრმა ცვლილება სულიერ სფეროში, როცა საფრთხის შეგრძნება [მხარეებისთვის არაიდენტური] პოულობს გარეგან შესამჩნევ გამოხატულებას აშკარად ღ რ მ ა სულიერი პროცესის საფუძველზე. ეს ყველაფერი ცვლის გლობალურ პარადიგმას და მიუხედავად არასრულად და არაზუსტად ამ ცვლილების რაობის გარკვევისა, - მისი ზუსტად იდენტიფიცირების სირთულისა, - გარეგნული ნიშანი, აშკარა და უეჭველი, ისაა, რომ... რ ე ლ ი გ ი ა კვლავ იკავებს დომინირებულ ადგილს... 

 

რელიგიაზე დაფუძნებული შეხედულებათა სისტემა ხდება მყარი საყრდენი გეოსტრატეგიული პარადიგმების დაპირისპირებისა, თუმცა, არსებულ დაპირისპირებაში ერთ მხარეს რელიგიის მომენტი დომინირებული აქვს [რუსეთი], მეორე მხარე [აშშ] უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ე.წ. მსოფლიო წესრიგზე აგებული საკუთარი სტრატეგია... მაგრამ იქ, სადაც ფ ა ს ე უ ლ ო ბ ა თ ა სისტემა და რ წ მ ე ნ ი ს პრობლემა/ხარისხი/სიღრმე ხდება გადამწყვეტი და ეს ყველაფერი გამაგრებული იქნება შესაბამისი ძალით [იარაღით], დაპირისპირების შესაძლო სცენარი ვერ ჩაჯდება ჩვეულებრივი კონფლიქტის ფარგლებში. 

 

მუსულმანური გეოსტრატეგიული პარადიგმა, რომელიც რელიგიის უკიდურეს დეფორმაციაზეა აგებული, ძალის სისუსტის გამო, ვერასდროს გახდება თანაბარზომადი უკვე დაპირისპირებული მხარეებისა, - უფრო პოლიგონის ფუნქციას და ქცევათა შენიღბვის საშუალებად თუ გამოდგება. 

 

ერთი აშკარაა: დღეს დაპირისპირებაში არ მოდის სოციალური სისტემები... [სწორედ ამ შეცდომას უშვებენ ჩვენში, - საქართველოში, - რაც მიუთითებს მოვლენათა არასწორ და არაღრმა გააზრებაზე!

 

დღეს დაპირისპირებაში მოდის რწმენა და რწმენიდან გამომდინარე ფასეულობათა სისტემები... მარცხი მოსალოდნელია იმ პარადიგმისა, რომელიც არასწორ საყრდენებს ეყრდნობა! დ რ ო - ერთდერთი პასუხი საყრდენების ვარგისიანობისა!

 

               ესაუბრა ია ჯღარკავა

 

16-11-2015, 10:22
უკან დაბრუნება