"ამიერიდან, "რიკო კრედიტის" მსესხებლებისთვის სესხის პროცენტისა და ძირის დაფარვა "ლიბერთი ბანკის" ფილიალებსა და სერვისცენტრებშიც არის შესაძლებელი".
ამის შესახებ "რიკო კრედიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა "ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორთან ლადო გურგენიძესთან ერთად გამართლულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, აქამდე "რიკო კრედიტის" მსესხებლებს მხოლოდ 16 ფილიალი ემსახურებოდა, ხოლო ამიერიდან მათ "ლიბერთი ბანკის" 284 სერვისცენტრი და მომსახურების წერტილი, ასევე 98 მობილური სერვისცენტრი დაემატა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ "რიკო კრედიტის" თამასუქის მფლობელებს შესაძლებლობა მიეცემათ თამასუქის საპროცენტო სარგებელი "ლიბერთი ბანკის" საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხოთ.
გურგენიძის თქმით, აქამდე "რიკო კრედიტის" თამასუქის მფლობელების მიერ სარგებლის აღება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ შეთავაზებით კი მათ საშუალება აქვთ "ლიბერთი ბანკის" სპეციალურ ანგარიშზე დააგროვონ ეს თანხა.
"ლიბერთი ბანკისა" და "რიკო კრედიტის" ერთობლივი თანამშრომლობა მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ ჩვენს კლიენტებს შეექმნათ მეტი კომფორტი და სარგებელი. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ სტრატეგიულ ურთიერთანამშრომლობას და მომავალში ჩვენს მომხმარებლებს არაერთ სიურპრიზს ვპირდებით", - აღნიშნა ლადო გურგენიძემ.