ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: ტერორიზმი და ვანდალიზმი რელიგიასთან და ისლამთან არ ასოცირდება!

გიორგი მარგველაშვილი: ტერორიზმი და ვანდალიზმი რელიგიასთან და ისლამთან არ ასოცირდება!

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემთვის არც ტერორიზმი და არც ვანდალიზმი, არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან“ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ავლაბრის სასახლეში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე, აგრესიისა და ტერორის საპასუხოდ, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს: 

 

"დღეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ერთად ყოფნა და ერთად დგომა იმ ღირებულებების განსამტკიცებლად, რასაც ტოლერანტობა ჰქვია. ჩვენ, მთელმა კაცობრიობამ, სამყაროს მთელმა ცივილიზებულმა ნაწილმა ამ დღეებში სწორედ ტოლერანტობის თვალსაზრისით მივიღეთ გამოძახილი. საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ გავერთიანდეთ და ძალიან ძლიერად ვუპასუხოთ აგრესიას, ტერორს. ეს კი უნდა მოხდეს იმით, რომ არასდროს შეიბღალოს ჩვენში ტოლერანტობის სულისკვეთება - ტერორი არასდროს არ შეგვცვლის ჩვენ და არ გაგვხდის განსხვავებულის მიუღებლებად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემთვის არც ტერორიზმი, არც ვანდალიზმი, არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავის თავს მუსლიმებს ეძახიან და ამ დროშით ცდილობენ ტერორის დათესვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისლამი ჩემთვის არ ასოცირდება იმ საშინელებებთან, რაც ხდება სირიაში, სხვა ქვეყნებში და რაც მოხდა საფრანგეთში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

17-11-2015, 11:48
უკან დაბრუნება