საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა euractiv.com-ზე წერილი გამოაქვეყნა.
წერილში სახელწოდებით - "უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნება" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას მიმოიხილავს, რომელიც მიმდინარე კვირაში ბრიუსელში გაიმართა და იმ მოლოდინებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით აქვს.
აღნიშნულ წერილს „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
"ურთიერთობების განმტკიცების საუკეთესო გზა ადამიანების შორის კონტაქტია. ეს წესი ვრცელდება ურთიერთობების ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს პოლიტიკური, საქმიანი თუ ტურიზმის სფერო. პირადად მე ეს გამოვცადე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართა. ამ სხდომაზე დადასტურდა ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. დისკუსიებისას აღიარებულ იქნა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობა, რომელთა შედეგადაც საქართველო უახლოვდება ევროპულ ნორმებს. ეს პროგრესი აისახა ჩვენი რეიტინგების სტაბილურ ზრდაში დემოკრატიული სტანდარტების ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა არჩევნები, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, გამჭვირვალობა და კორუფციის აღმოფხვრა. 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ პრიორიტეტებად გამოაცხადა მზარდი გამჭვირვალობა, სანიმუშო მმართველობა, პოლიტიკური ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, როგორც დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულების გამოხატულება. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ზომები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.
საქართველო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გზაჯვარედინზე თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, ევროპისთვის არის აზიის კარიბჭე. ამის უტყუარი დემონსტრირება იყო ახლახან თბილისში ჩატარებული აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი - პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროების საერთაშორისო ლიდერებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველო უპირობოდ ემსახურება ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების საქმეს. ამავე დროს, ჩვენ პროაქტიულად ვუწყობთ ხელს იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირიდან. ამის ნათელი მაგალითია პირველი საერთაშორისო კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა გასულ კვირას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურსა და გაერო-სთან ერთად ორგანიზებულ ამ კონფერენციაზე გამოიკვეთა ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას საყოველთაო თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირთან დაახლოების სარგებელი საყოველთაოდ არის აღიარებული. საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითი. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა და ადამიანის უფლებათა დაცვა. უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში. საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ წინსვლას ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებაში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ევროკავშირის ღირებულებების განმტკიცების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენმა ხალხმა უნდა დაინახოს მიმდინარე რეფორმების კონკრეტული სარგებელი. არსებითად მნიშვნელოვანია, ცხადვყოთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მიღწევების შესაბამისად მიმდინარეობს. საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უპასუხოს ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნებს, როგორც ეს გასულ კვირას აღნიშნეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.