ივერიონი / მამუკა გიორგაძე: სახელმწიფო ფსიქოლოგიურად არ არის მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად!

მამუკა გიორგაძე: სახელმწიფო ფსიქოლოგიურად არ არის მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად!

„ივერიონს“ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე და შესაძლო გართულებებზე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

 

-ბატონო მამუკა, მსოფლიო შეძრულია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით. სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის და სავსებით შესაძლებელია  სხვა სახელმწიფოებსაც მოედოს.

 

საინტერესოა თქვენი აზრი, საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები და როგორ შეიძლება მისი შეჩერება?

 

-ერთი ადამიანის ძალადობა მეორეზე - ეს სამყაროს წარმოშობიდან მოდის და ბუნებრივია, მისი ფესვები სწორედ საუკუნეთა სიღრმეებში უნდა ვეძებოთ!

 

ჩვენს საუკუნეში, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ძალადობის გამოვლენის ისეთ სახეს, როგორიცაა: ტერორიზმი. ბუნებრივია საჭიროა ბრძოლა. პირველ რიგში, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, უნდა მოხდეს ორგანნიზებული წინაპირობის შექმნა, ბრძოლისთვის აუცილებელია სხვადასხვა ფაქტორების გამოყენება, საჭიროა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების კიდევ უფრო გამყარება. გარდა ამისა, აუცილებელია ფსიქოლოგიური, მორალური და ზნეობრივი კლიმატის შექმნა. რაც მთავარია, სახელმწიფოებმა არ უნდა გამოიჩინონ სისუსტე!

 

რაც შეეხება საქართველოს, ბუნებრივია, საფრთხე აქაც არსებობს. თუმცა, ცხადია საფრთხის პირდაპირი ნიშნები ჯერ-ჯერობით არ ჩანს!..

 

სამწუხაროდ, საქართველოში ამ საშიშროების არსებულზე მეტად გაბუქება ხდება, რათა არ ვიფიქროთ არსებულ პრობლემებზე და ამ სასიშროების გამო არ მოვთხოვოთ ხელისუფლებას დღეს არსებული პრობლემების მოგვარება.

 

-ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, რომელმაც ააფორიაქა მსოფლიო, ნათლად დაგვანახა რუსეთის როლი თანამედროვე რეალობაში.

 

როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა ფუნქციის შესრულება შეუძლია რუსეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აყენებს თუ არა ეს მისია მას, ამ კონკრეტულ მომენტში, მომგებიან სიტუაციაში?

 

-რუსეთი საერთაშორისო ცივილიზირებული მსოფლიოს ურთიერთობათა სისტემიდან ამოვარდნილია. უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად რუსეთი თვითონ ჰქმნის დაძაბულობას, რათა მსოფლიოს მისი საჭიროება დაუმტკიცოს. ის ამას აკეთებს არა იმისთვის, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილია, არამედ, იმისთვის, რომ დაძაბულობის კერის ჩაქრობის დროს მოხდეს მისი ინტერესების გათვალისწინება. ბუნებრივია, გარკვეულ ეტაპზე ეს გამოსდის, მაგრამ ის მაინც იქნება განყენებული და გარიყული იმ პროცესებიდან, რაც ცივილურ სამყაროში ხდება, მანამ, სანამ არ მოძებნის თავის ადგილს თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში!

 

ამ ეტაპზე, ცხადია, სირიის პრობლემებთან დაკავშირებით გააკეთა ყველაფერი - გადადგა ნაბიჯი და მთელს მსოფლიოს დააჭირვა თავისი თავი. მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ რუსეთმა ამ სიტუაციაშიც კი ვერ მოახერხა საიმედო და დამაჯერებელი პარტნიორის როლის თამაში. შესაბამისად, კვლავ მოუწევს არჩევანის გაკეთება, ან - გახდეს ერთ-ერთი ცივილიზებულ ქვეყნებს შორის, ან ასეთი გაურკვეველი პოზიციებით სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რადგან, დროთა განმავლობაში ამოწურავს თავის სამხედრო და სპეცსამსახურთა რესურსებს და ბუნებრივია, შემდგომში გაუჭირდება!

 

-ქართული საზოგადოება შეშფოთებულია საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტებით. ადამიანებს კიდევ ერთხელ გაუჩნდათ დაუცველობის განცდა...

 

თქვენი აზრით, ქართული სახელმწიფო, არის თუ არა, დღეს მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ელემენტარულად მაინც დავიცვათ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება?

 

-სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დღეს მზად არ არის: ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ არც მის ეკონომიკას, არც სამხედრო შესაძლებლობებს. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ გარემოს!

 

ხაზგასასმელია ის ვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ პარიზის ტერაქტის შემდგომ მათი პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულების სახით. ცხადია, პოლიტიკურ ხედვებში მათ აქვთ განსხვავებული ხედვები და უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ქვეყნის მიმართ ერთგულებაში ეჭვი არ შეაქვთ.

 

საქართველოში კი უნდობლობის უფსკრულია გაჩენილი. მაშინ, როდესაც ვხედავთ ყველა იმ ქმედებას, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, განა შეიძლება ვენდოთ, რომ დაგვიცავს ტერორიზმისგან და უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას - მე ამის არ მჯერა!

 

 

ესაუბრა კარინა გრიგორიანი

18-11-2015, 13:32
უკან დაბრუნება