„ივერიონს“ მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი, იურისტი, პაატა შავაძე ესაუბრა.
-ბატონო პაატა, თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული იყავით, რომ იმ სამეულში მოხვდებოდით, რომელსაც იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს წარუდგენდა.
თქვენი პროგნოზი არ გამართლდა. უკვე ცნობილია, რომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა.
თქვენი აზრით, ეს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, იზრუნოს პროკურატურის სისტემის ძირეულ რეფორმებზე?
-არა მარტო ჩემი აზრით, არამედ მთელი საქართველოს საღად მოაზროვნე მოქალაქის აზრია, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, იზრუნოს ძირეულ რეფორმებზე.
ეს იყო ერთგვარი ფარსი, ყველაფერი ცხადზე-ცხადი იყო. ვთვლიდი, რომ ვიყავი ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი, არა იმიტომ, რომ სხვებზე უკეთესი ვარ, არამედ იმიტომ, რომ წარვადგინე გუნდი, ხედვები, პროგრამა, რაც არცერთ კანდიდატს არ გაუკეთებია. საბოლოოდ კი სამეულში მოხდა იმ კანდიდატების წარდგენა, რომლებსაც ალბათ არავინ არ ელოდა. ეს, როგორც ჩანს, ამ ფარსის ერთგვარი ნაწილი და შემადგენელი კომპონენტია.
ხალხს სამართლიანობის აღდგენის იმედი ჰქონდა არადა, ვიცით, როგორია შოთაძის სამართლიანობა. პროკურატურაში არაფერი არ შეიცვლება, შოთაძე არის იგივე ბადაშვილი, ბადაშვილი იგივე ადეიშვილია, ჯამში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საპროკურორო საქმიანობაში ისევ ადეიშვილი მობრუნდა, რადგან ესენი მისი აღზრდილები არიან. შესაბამისად, ვერ გააკეთებენ იმას, რასაც სამართლიანობის აღდგენა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება ჰქვია.
-როგორ ფიქრობთ, თქვენმა ზედმეტმა აქტიურობამ და წინასწარ გაცხადებულმა მოქმედების გეგმამ ხომ არ შეგიშალათ ხელი, ყოფილიყავით ფავორიტი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე?
-შეიძლება მიზეზი ესეც იყო. მაგრამ, მე თვითონ ვარ ძალიან ღია, გამჭვირვალე და საჯარო პიროვნება. არაფერი არ მაქვს დასამალი და შესაბამისად, ვამბობდი იმას, რისი გაკეთებაც მსურდა. ვთქვი ის, რაც საზოგადოებამ დაუკვეთა „ქართულ ოცნებას“ და ამის რეალური გამკეთებელი ვიყავი, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს!
ეს ნაბიჯი უპირველესად საზოგადოებისთვის იყო დარტყმა და ცხადია, ხელისუფლების მხრიდან ამდენ დარტყმას საზოგადოება ვერ აიტანს.
მინდა გითხრათ, საზოგადოებას ჰქონდათ იმედი, რომ რაღაც მაინც შეიცვლებოდა და ფიქრობდნენ, - „იქნებადა დადგა ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის ხასიათზე“, მაგრამ ამ ფაქტმა რწმენა დაგვიკარგა. შეიძლება ამ ხელისუფლების ხელში არც გვიწერია სამართლიანობის აღდგენა!
ესაუბრა კარინა გრიგორიანი