„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, აკადემიკოსი, ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრა.
-ბატონო ელიზბარ, ათ დღეზე მეტია „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით მოშიმშილეთა აქცია იმართება კანცელარიის წინ. მათ დღითიდღე ემატებათ მხარდამჭერები.
მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილეთა მოთხოვნა სამართლიანია, მთავრობის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ჩანს. როგორ შეაფასებთ ამ ვითარებას?
-ეს ვითარება, ყოველმხრივ უმძიმესია. მე ვერ ვხვდები, ასე რატომ იქცევა ხელისუფლება, რომელიც ხალხმა აირჩია. ყველა ხელისუფლება, თავად მიხეილ სააკაშვილისაც კი, მოშიმშილეებს ყურადღებას აქცევდა. მთავრობას, მათთან საუბარსა და საერთო ენის გამონახვაში, ხელს არაფერი არ უშლის, გარდა ხელისუფლების ნებისა.
საგარეჯოს არჩევნები იყო სრულიად გაყალბებული და ეს ბოლო მონაცემებიდანაც ჩანს. ხიდაშელმა მხოლოდ 500 ხმით გაიმარჯვა და ეს, სწორედ ის 500 ჯარისკაცის ხმაა, რომელზეც ქალბატონმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა უკანონოდ მოახდინა დისლოკაცია. დისლოკაციის დროს აუცილებლად უნდა იყოს პრეზიდენტის ბრძანება და ყველა უწყების შეტყობინება. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა და ამით მათ ერთხმად მიიღეს ეს ხუთასი ხმა.
იმის არ აღიარება, რომ არჩევნები გაყალბდა და ის, რომ მოშიმშლეთა სამართლიან მოთხოვნებს ხელისუფლება ყურადრებას არ აქცევს, მე მიქმნის იმის შაბეჭდილებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, დიდი ალბათობით გაყალბდება!
-დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოსთვის ვიზა-ლიბელარიზაციის მიცემასთან დაკავშირებით. მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ ამას ხელს უშლიან „ნაციონალური“ რეჟიმის წარმომადგენლები. დასახელდა კონკრეტული გვარებიც. როგორ ფიქრობთ აქვთ თუ არა მათ საკმარისი ბერკეტები ხელი შეუშალონ ამ პროცესს და საერთოდ რას მისცემს ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს?
-მე პირადად ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის დამღუპველად მიმაჩნია და ის არავითარ სარგებლობას ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს!
ვინაიდან, საქართველო ისედაც დაცლილია- მილიონ ნახევარი ადამიანია გასული და კიდევ მილიონი გავა, და თუკი ჩვენ მივიღებთ სირიელებს, აფრიკელებს და ა.შ საქართველოს მოსახლეობა უმცირესობაში აღმოჩნდება. აი ეს არის, ის პრინციპი, რომელსაც აშშ-ის საჯარო პოლიტიკა ახორციელებს და მთლიანად გამიოზნულია ქართველი ერის გასანადგურებლად.
თუკი „ნაციონალები“ ამას აპროტესტებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ ჩათვლა არ მიიღოს.
-როგორ შეაფასებთ პაატა ბურჭულაძის შესაძლო შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში.
თქვენი აზრით იქნება ის ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის აუცილებლობაც ხშირად ისმის საზოგადოების მხრიდან?
-პაატა ბურჭულაძე, როგორც ახალი პოლიტიკური ძალა და ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, ვერაფრით ვერ იქნება. როგორც ყველა ხელოვანის, ისე პაატა ბურჭულაძის ხასიათიც ძალიან ცვალებადია. ქარი საითაც დაუბერავს, ისიც იქით იხრება. მისი გამოჩენა პოლიტიკაში, ჩვენს ქვეყანას არავითარ წარმატებას არ მოუტანს გარდა უარყოფითისა, თუნდაც იმიტომ, რომ ის „რუსთავი 2“-ს უჭერდა მხარს!
ესაუბრა მედეა შელია