ივერიონი / რა აღელვებთ ამერიკელებს?

რა აღელვებთ ამერიკელებს?

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით ბაქრაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ბრიჯიტ ბრინკთან გამართული შეხვედრის შემდეგ,  განაცხადა, რომ ამერიკელ პარტნიორებს ძალიან აღელვებთ საქართველოში მიმდინარე პროცესები.

 

ბაქრაძის განცხადებით, მთავარი ამოცანაა ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეს.

 

 "ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელსაც სრულად იზიარებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, არის, რომ ეს ქვეყანა მშვიდად და წყნარად მივიყვანოთ საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შედეგი იყოს თავისუფალი და თანაბარი კონკურენციის პირობებში მიღწეული, რომელიც იქნება მისაღები საქართველოსთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ეს იყო ძირითადი თემა, რაზეც ვისაუბრეთ. ამ თემის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ ძალიან აღელვებთ აქ მიმდინარე პროცესები. მათ შორის, ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ასევე "რუსთავი 2"-ის საკითხი. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამხელა პრობლემას გადაგვარჩინა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. რომ არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, რომელმაც აიძულა ხელისუფლება, უკან დაეხია "რუსთავი 2"-თან მიმართებაში. დღეს ვიდგებოდით უზარმაზარი საერთაშორისო პრობლემის წინაშე", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე  ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, ასევე საგარეო საკითხებსაც.

 

,,ამერიკის მხარდაჭება რჩება მტკიცე და გადამწყვეტი საქართველოს მომავალი გაერთიანებისთვის, ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, ნატოზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ასევე არის ერთ-ერთი გადამწყვეტი გაწევრიანებისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა,მისი მხრიდან არასწორი იქნება  აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, თავად ამერიკული მხარის პოზიციაზე საუბარი.

 

"ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, მე არ ვაპირებ კამერების წინ ჭორაობას, და მით უმეტეს, ტყუილებით ჭორაობას. არასწორი იქნება ჩემი მხრიდან. მე გავახმოვანე ჩვენი პარტნიორების პოზიცია. გავიმეორებ იმას, რომ მთავარი თემა იყო, თუ როგორ მოხდეს ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

20-11-2015, 19:57
უკან დაბრუნება