ივერიონი / გენიოსი ცუკერბერგი და მადლიერი სპეცსამსახურები!

გენიოსი ცუკერბერგი და მადლიერი სპეცსამსახურები!

ფეისბუკში ძირიადად „ყოველდღიურ რეჟიმში“ აქტიურობენ „სოციალურ ფუნქციადაკარგულები“ ანუ „ყოფილები“... ყოფილი მინისტრები, გენერლები,  ბიზნესმენები, ჟურნალისტები, ყოფილი ლამაზმანები და „ლაველ ასები“ პროფილის ფოტოს გარეშე ან იდუმალებით სავსე ზოგადი ხასიათის ფოტოებით... უფრო მეტად ასაკოვანი ხალხი „ხვანცალობს“ ჭაბუკურად!

 

„ფუნქციადაკარგული“ ნიშნავს „უმუშევარს“. ასეთი ხალხისთვის ფეისბუკი სამსახურივითაა, ხელფასს არ გიხდიან, მაგრამ ზოგჯერ დღეღამეში 12 საათი „შრომობ“, პიროვნულ კმაყოფილებას განიცდი, საკუთარ ეგოს და თავმოყვარეობას ასაზრდოებ, ვირტუალურად გგონია და დარწმუნებული ხარ ვიღაცას ჭირდები...

 

არიან „საქმით დაკავებული“ ადამიანები „ზრდილობის“ გულისთვის რომ შემოიხედავენ ამ ვირტუალურ სივრცეში! ზოგისთვის ფეისბუკის მომხმარებლად გახდომა ღირსების შელახვის ტოლფასია. რა ვიცი, ბევრი რატომღაც ასე ფიქრობს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ სულმთლად ფუნქციადაკრგული არ ვარ და არც ისე დავბერდი, ვერ ვეშვები ამ „არამატერიალურ ჰაშიშს“... 

 

განსაკუთრებით „ყოფილ შემოქმედთ“ იზიდავს ფეისბუკი, ვინც მკითხველს, მაყურებელს და აუდიტორიას მიეჩვია... ზოგს სიბერემ უწია და აღარავის ჭირდება, ზოგი რაღაცას ვეღარ ბეჭდავს ხელმოკლეობის გამო, ზოგს დარბაზი ვერ დაუქირავებია, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია მჭიდრო და „უკომპლექსო ურთიერთობის“ ისეთი სისტემა, როგორიც სოციალური ქსელებია  - განსაკუთრებით, ფეისბუკი! 

 

სპეცსამსახურებისთვის ფეისბუკი მარკ ცუკერბერგის ნამდვილი „საჩუქარი“ მოულოდნელი სიურპრიზი და უშტატო „X“ განყოფილებაა! ბევრი „შავი პროგრამისტი“ სოცილური ქსელებით გამდიდრდა! ბევრიც გამოიჭირეს თაღლითობაში და ეხლა საკნის კედლებს „ხეხავს“... 

 

მოკლედ ფეისბუკი არის მე-20 და 21-ე საუკუნეების საოცრება! ფეიბუკი რომ არ ყოფილიყო, სამხრეთ კორეელი, ბოსტნეულის გამყიდველი პსაი სუპერ ვერ გახდებოდა პოპულარული მილიონერი თავისი „განგამ სთაილ“-ით! 

 

ხშირად მიფიქრია, კიდევ კარგი ჰიტლერის, ჩანკაიშის, სალაზარის და პოლპოტის დროს არ იყო ინტერნეტი, თორემ ახლა კაცობრიობა კარგა ხნის „დასაფლავებული“ იქნებოდა! 

 

ასე რომ, უერთგულეთ ფეისბუკს და გიყვარდეთ!.. ის ხომ მზად არის 24 საათი გიერთგულოთ! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

24-11-2015, 10:48
უკან დაბრუნება