ქართველ ფარმაცევტულ ბაზარზე 25 ნოემბრიდან ახალი, მრავალფუნქციური და ინოვაციური საწარმო გაიხსნება. ახალი ფარმაცევტული საწარმო აქტიური სუბსტანციების წარმოების ხარჯზე საგრძნობლად შეუწყობს ხელს რიგი მედიკამენტების გაიაფებას და ამასთანავე მრავალპროფილური წარმოების ხარჯზე მომხმარებლებს ახალ მედიკამენტებს შესთავაზებს.
დღეს, 12:00 საათზე, ლილოს ტერიტორიაზე (იუმაშევის #23) „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ინოვასი“ ხსნის ფარმაცევტულ საწარმოს, რომელიც გამოირჩევა წარმოების მაღალი სტანდარტით, ინოვაციურობითა და წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმოების პროცესებში მუდმივად დასაქმდება 50-დან 100 ადამიანამდე, ხოლო მცენარეული ნედლეულის მოპოვების პროცესში რეგიონებში სეზონურად 1000 ადამიანი იქნება ჩართული წარმოების პროცესში და ეს რიცხვი სხვადასხვა სეზონსა და მცენარეების მოპოვებისას 2000-მდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მრავალპროფილური ფარმაცევტული საწარმო ადგილობრივ მომხმარებლებს საგრძნობლად გაუადვილებს წვდომას მედიკამენტებზე და ამასთანავე, მრავალ სიახლეს დანერგავს ქართულ ბაზარზე.
„ინოვასი“ პირველი კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც გამოიყენებს ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს და წარმოების სრულ ციკლს განახორციელებს დაწყებული ნედლეულის მოპოვება-გადამუშავებიდან მზა პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვით დასრულებული. საწყის ეტაპზე საწარმოში შესაძლებელი იქნება 40-მდე დასახელების მცენარის გადამუშავება და 60-მდე აქტიური ნივთიერების წარმოება.
კომპანია ასევე გეგმავს საოჯახო რეცეპტურის სერიულ წარმოებასა და კომერციალიზაციასაც, შესაბამისად, შესაძლებელია მომხმარებელს ბევრი სიახლე შესთავაზოს იმ მედიკამენტების კუთხით, რომელთა შესახებ საზოგადოების მცირე ნაწილისათვის იყო ცნობილი.
კომპანიის უნიკალურობა ასევე იმაში მდგომარეობს, რომ „ინოვასი“ იქნება რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით დაამზადებს აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს, მათ შორის სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებულ ნატურალურ ექსტრაქტებს.
მნიშვნელოვანია, რომ ზემოხსენებულ საქმიანობას „ინოვასი“ განახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ის უკვე ემზადება GMP/HASP/ISO სერტიფიცირებისთვის.
აწარმოე საქართველოში პროგრამის ამ კონკრეტულ ბენეფიციარს, გამოარჩევს მისი ინოვაციურობა და დარგის განვითარებისადმი კომპლექსური მიდგომა. „ინოვასი“ ზრუნავს ნარჩენი წყლების ინოვაციური მეთოდით დამუშავებაზე. პილოტური პროექტის ფარგლებში ქართველი და ლიტველი სპეციალისტების მიერ მოხდება ნარჩენი წყლების გაწმენდისას 100%-იანი ბიო მეთოდის გამოყენება.