„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.
-ბატონო გია, საკმაოდ ნეგატიური კომენტარები ისმის პაატა ბურჭულასძის პოლიტიკაში შესაძლო შემოსვლის გამო. ოპონენტები ბურჭულაძეს, განსაკუთრებით, დაანონსებულ გუნდს უწუნებენ და თვლიან, რომ ეს „დახავსებული სახეები“ ქვეყანას სასიკეთოს არაფერს მოუტანენ...
თქვენ როგორ უყურებთ ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლას?
როგორ ფიქრობთ, ეს მსოფლიო ბანის ამბიციის გამოვლინებაა თუ იგი განსაკუთრებულ დავალებას ასრულებს?!
-მე ვფიქრობ, რომ ის, ვინც ამ ზედმეტ კომენტარებსა და წინასწარ სკეპტიკურ განცხადებებს აკეთებს, აკეთებს იმიტომ, რომ თვითონ, პირადად არ აღმოჩნდა იმ გუნდში. მათ ეს უფრო აწუხებთ ვიდრე, რეალური პრობლემატიკა.
ფაქტია, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური ელიტა არის ღრმა კრიზისში. თუკი, დახავსებულ სახეებზე ვლაპარაკობთ, მთლიანად პოლიტიკური ელიტაა დახავსებული და განახლება მას ნამდვილად სჭირდება. ხოლო, პაატა ბურჭულაძის გუნდი ყველაზე ნაკლებადაა დახავსებული.
ეს პარტია ჯერ შექმნილი არაა, ბურჭულაძე კი საზოგადოებრივად აქტიური ყოველთვის იყო, ახლა კი ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ ძალიან ემოციურად ვცდილობთ დროზე ადრე რაღაც დასკვნები გავაკეთოთ. იმას, თუ რა პერსპექტივები აქვთ მათ, ამას დრო გამოაჩენს. წინასწარ ადამიანის დამარხვა, ან პირიქით ცაში აყვანა სწორი არაა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და დასკვნები მერე გავაკეთოთ.
რაც შეეხება შეკვეთებსა თუ დაკვეთებს, ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიაა და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
-შეცვლის თუ არა პოლიტიკურ ბალანსს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა და ხომ არ ხდება ბურჭულაძით „ნაციონალების“ ჩანაცვლება და მათ ფორმალურ, მეორე ძალად გამოცხადება, თუ პირიქით ბურჭულაძე ივანიშვილის საპირწონედ შემოყავთ?
-მე მაქვს იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ ამ ქვეყნის ბედი. ბურჭულაძე, პოლიტიკაში ვინმეს კი არ შემოყავს, არამედ თვითონ, ნატურალურად აქვს და უჩნდება ამბიცია, იმისა, რომ შეუძლია რაღაცა სასიკეთო გააკეთოს.
ბუნებრივია, რომ ბურჭულაძე კონკურენციაში უფრო ხელისუფლებასთან შედის, ვიდრე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ის ვერ ართმევს ელექტორატს „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი წარსულიდან გამომდინარე, , ანუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ელექტორატის თვალსაზრისით, პაატა ბურჭულაძე სახიფათო არაა! რადგან, ბურჭულაძის ამომრჩეველი არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „პატრიოტთა ალიანსის“ ელექტორატი არ იქნება. ის ვერც ერთზე ვერ ზემოქმედებს. მისი ელექტორატი უნდა ვიპოვოთ ან ხელისუფლების ჯერ კიდევ შემორჩენილ მხარდამჭერებში, ან იმ ადამიანებში, რომლებსაც იმედი გაუცრუა, როგორც დღევანდელმა, ისე წინა ხელისუფლებამ. ამ ადამიანების რიცხვი დღეს ძალიან დიდია და რა თქმა უნდა, თეორიაში, ბურჭულაძეს შეუძლია ამ ნიჰილისტურად განწყობილი ელექტორატის შესრუტვა, ანუ, ადამიანებისა, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ უარესი ოპოზიცია. ეს არის ზუსტად ის სეგმენტი, საიდანაც მას შეუძლია ხმები მოკრიბოს. ხელისუფლებაც ეცდება ამ სეგმენტზე იმუშაოს. რა თქმა უნდა, დღეს კონკურენცია არის ბურჭულაძესა და ივანიშვილს შორის.
-ირმა ინაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს.
თქვენი აზრით, რამდენად სწორი გათვლა გააკეთეს მათ, როცა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართეს და რა შედეგი მიიღეს ამის სანაცვლოდ?
რამდენად ადეკვატურად მოიქცა ხელისუფლება და თქვენი აზრით, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები?
-რა თქმა უნდა, მე მიჩნდება კითხვები მთელ ამ პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა, ამას მაინც ირმა ინაშვილის ელექტორატი გადაწყვეტს.
ვფიქრობ, რომ ხელისუფლება არაადეკვატურად მოიქცა, თუნდაც ჰუმანიტარული თვალსაზირით, როდესაც ძალიან დიდი დროის განმავლობაში ისინი არ იმჩნევდნენ, რომ რაღაცა ხდებოდა. მიმაჩნია, რომ საკუთარი მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლებას არ შეეფერება.
ესაუბრა მედეა შელია