საარჩევნო გარემო რეალურ ცვლილებებს საჭიროებს, რათა იგი უფრო სამართლიანი და თანასწორი გახდეს.
ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
უსუფაშვილთან შეხვედრაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარია საარჩევნო გარემოს ცვლილებების რეკომნდაციით მივიდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები ეხება საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ერთი ხმის თანასწორობის პრინციპი, ასევე მოქალაქეების მიერ გამოხატული ნება პროპორციულად იყოს ასახული უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. გასაგრძელებელია მუშაობა საარჩევნო სიების დასაზუსტებლად, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს სიებით უკანონოდ მანიპულირების შესაძლებლობა. რეკომენდაციები ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასაც.
„საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს დროს. არ შეიძლება ცვლილება კანონში არჩევნებამდე მცირე პერიოდით ადრე შედიოდეს. მიგვაჩნია, რომ პარლამენტს უდგას გამოწვევა: სწრაფად, ამ სესიაზევე მიიღოს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს მიმართეს წინადადებით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ თემაზე იმუშავებს. მათი თქმით, თუ კი ასეთი ჯგუფი შეიქმნება, მასში მუშაობის სურვილი ბევრს ექნება.