„ივერიონს“ შიმშილობის აქციის შეწყვეტის მიზეზებზე და განათლების სამინისტროში არსებულ დარღვევებზე, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, 116-ე საჯარო სკოლის უკვე ყოფილი პედაგოგი, დავით ფერაძე ესაუბრა.
-ბატონო დავით, რამდენადაც ვიცით, თქვენ შიმშილობა უკვე შეწყვიტეთ. მაინც რა შედეგი მოგცათ პროტესტის ამ უკიდურესმა ფორმამ?
გყავთ თუ არა მხარდამჭერები ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში და რა სტრატეგიას ირჩევთ სამომავლოდ?
-ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში პროტესტს მინიმალური შედეგი აქვს, თუმცა ჩემს აქციას საკუთრივ, სკოლიდან ჰქონდა გარკვეული შედეგი: სკოლის სამეურვეო საბჭომ, მომცა პირობა, რომ ჩემს უკანონო განთავისუბლებასთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართება. მინდა გითხრათ, რომ სამეურვეო საბჭო ვერანაირად ვერ გაექცევა არსებულ რეალობას და ის იძულებული გახდება მიიღოს ობიექტურ გადაწყვეტილება.
ამავდროულად, სასულიერო პირებმა და მეგობრებმა მირჩიეს, რომ პროტესტის ეს ფორმა მიუღებელია და სამ დღიანი გამაფრთხილებელი აქცია შევწყვიტე. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი კვირიდან, ორშაბათიდან, კერძოდ პროტესტს სხვა ფორმა მივცე. კერძოდ, სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად, სკოლის მახლობლად გავშალო კარავი.
ამით მინდა გავაპროტესტო ის არნახული ზეწოლა, დაშინება და დაშანტაჟება, რომელიც ბავშვებზე მიმდინარეობს, სკოლის დირექტორისა და მისი თანაშემწეების მხრიდან. იგივე მეთოდებით ზეწოლა ხდება მასწავლებლებზეც და ისინი იძულებულები არიან დირექტორის შანტაჟს დაემორჩილონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თამარ სანიკიძის ძირითადი დავალებით სრულდება, შემდგომ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეთანხმებით. ამავდროულად, პირადად ჩემზე მიმდინარეობს თვალთვალი.
საქართველოში ყველა სკოლამ და განსაკუთრებით, თბილისში, მიიღო ბრძანება, რომ ჩემს მხარდაჭერაზე სიტყვა არ დაძრან თუნდაც „ფეისბუქ“ გვერდზე. ხელისუფლება აგონიაშია და მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ისინი ამას შეეწირებიან, ვინაიდან ცდილობენ თავისუფალი აზრი ჩაახშონ!
იმ შემთხვევაშიც კი, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სამეურვეო საბჭო: ბათილად ცნობს თუ არ ცნობს დირექტორის გადაწყვეტილებას, სულერთია მე სასამართლოს სარჩელს მაინც ვამზადებ, რადგან მათ პასუხი უნდა აგონ გაყალბებულ დოკუმენტებზე და ყველა დარღვევაზე, რომელიც იყო ან აღიარონ ეს დავალება ვისგან იყო მიცემული...
-ბევრი ამბობს, რომ თქვენი პროტესტი პოლიტიზირებულია და განათლების სამინისტროს დისკრედიტაციის მიზნით ვიღაცის დავალებას ასრულებთ. ამბობენ იმასაც, რომ დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ხართ...
თქვენი კომენტარი...
-ეს სრულიად ალოგიკური განცხადებაა. ვინაიდან, მე ვშიმშილობდი სრულიად მარტო და ჩემს გვერდით იდგნენ ბავშვები. ვერ გავიგე, ბავშვები არიან პოლიტიზირებულები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები?!
განათლების სამინისტრო კორუმპირებულია და ნეპოტისტების ხროვას წარმოადგენს და მაგ ნეპოტიზმს სანიკიძე ხელმძღვანელობს.
იმაზე მეტი დისკრედიტაცია რაღა უნდა სამინისტროს, თუნდაც ჩემი განთავისუფლებით რომ ფლობს? თვითონ ჩემი განთავისუფლების ფაქტია მათი მადესკრიდიტირებელი. ამ შემთხვევაში მე ვარ დაზარალებული!
-შიმშილობის პერიოდში გრძნობდით თუ არა ქართული მედიის მხარდაჭერას და კიდევ: რატომ არ აგიბეს მხარი პედაგოგებმა თუ თქვენი პროტესტი სამართლიანია და ინდივიდუალურ განზრახვაზე არაა აგებული?
-მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები არიან ზეწოლის ქვეშ, ფორმალურად, მე მაინც ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობდა დირექციას და სათვალთვალო კამერებს არ დაენახათ, ისინი მოდიოდნენ და რჩევებს მაძლევდნენ. მათ მეტი სხვა რაღა უნდა გაეკეთებინათ იმ შანტაჟისა და ზეწოლის ფონზე , რასაც ისინი სამინისტროს მხრიდან განიცდიდნენ.
მედიის მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. ინტერნეტ მედია, განსაკუთრებით თქვენი გამოცემა მუდმივ მონიტორინგს უწევს ამ ყველაფერს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდში მიდგას და ბრძოლის უნარს კიდევ უფრო მიმძაფრებს!
ესაუბრა მედეა შელია