ივერიონი / „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უფასო სასადილოებთით მომსახურეობასთან დაკავშირებით პრობლემები გამოავლინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უფასო სასადილოებთით მომსახურეობასთან დაკავშირებით პრობლემები გამოავლინა

არასამთავრობო ორგანიზაცია უფასო სასადილოების საკითხით რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდა და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის ათივე რაიონში უფასო სასადილოებით მომსახურების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ სხვადასხვა პრობლემები გამოკვეთა.


ჩატარებული ანალიზის თანახმად, თბილისის ათ რაიონში მომლოდინეთა რიგებში დაახლოებით, 12,000 ადამიანია, ვინც უფასო სასადილოების მომსახურების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ახერხებს.

„როდესაც ძირითად სიას აკლდება სოციალურად დაუცველი მოქალაქე გარდაცვალების, სოციალური სტატუსის ცვლილების, ან გაცდენების გამო, მის ადგილს სარეზერვო სიის ბენეფიციარი იკავებს. ამდენად, მომლოდინეთა სიებში მყოფი ადამიანები თავის რიგს ხშირად თვეობით ან წლობით ელოდებიან. თბილისის რაიონების გამგეობებს მომლოდინე ადამიანები დამატებით და სარეზერვო სიებში ჰყავთ შეყვანილი“, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მათივე განცხადებით, დამატებით სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მომსახურების მიღება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ საკვები ძირითადი სიის ბენეფიციარების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩება, თუმცა სარეზერვო სიის ბენეფიციარები ამგვარი უფლებით არ სარგებლობენ.

ანალიზის თანახმად, დამატებით სიაში მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მომსახურებას ვერ იღებს, ვინაიდან საკვები უფასო სასადილოებში ძირითადად არ რჩება. ამის გამო, დამატებითი სიის ბენეფიციარების აბსოლუტური უმრავლესობა უფასო სასადილოებს არ აკითხავს.

უფასო სასადილოებით მომსახურების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ ასევე, ბიუროკრატული დაბრკოლებებიც გამოავლინა. კერძოდ, უფასო სასადილოს მომსახურების მისაღებად დასარეგისტრირებლად მთელი რიგი საბუთებია საჭირო, რომელთა შორის სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ ამონაწერი, 6-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთის ასლი შედის.

რაც შეეხება საბურთალოსა და ისნის რაიონებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, აღნიშნულ რაიონებში ძირითადი სიის ბენეფიციარების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაშინ, როცა დადებული ხელშეკრულებები ბენეფიციარების არსებული კონტიგენტის მოცვას ვერ უზრუნველყოფს.

30-11-2015, 14:11
უკან დაბრუნება