თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული, პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. შს მინისტრმა ატაშეებს ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
კონფერენციის ფარგლებში პირველად გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ, პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების წარმომადგენლებს შორის.
გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60%-ზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა, რასაც სამინისტრომ წარმატებით გაართვა თავი და ექსპერტებისგან პოზიტიური შეფასებაც მიიღო. მინისტრის თქმით, დღევანდელი კონფერენციაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი წარმატებით განხორციელებული ვალდებულებაა, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ითვალისწინებს.
შს მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი და გაიზარდა პოლიციის ატაშეების რაოდენობა.
კონფერენციაზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებმა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომელთა წინაშეც დგას დღეს საერთაშრისო საზოგადოება.
შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს.
კონფერენციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორები და ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ქვეყნების: აშშ-ს (გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს, რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერი), ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის, თურქეთის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და უკრაინის პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეებმა. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდა ევროპის პოლიციის ოფისის (ევროპოლი) წარმომადგენელი.