„ივერიონს“ პარიზში გამართულ სამიტზე და იქ განვითარებულ მოვლენებზე, ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.
-ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ პარიზის გუშინდელ სამიტზე პუტინის გამოსვლას, რომელმაც თურქეთი ღიად დაადანაშაულა ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ მფარველობაში და ნავთობის უსაფრთხო კონტრაბანდის უზრუნველყოფაში, რასაც ერდორანის პასუხიც მოყვა.
თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?
შესაძლოა თუ არა, რომ გუშინდელმა დღემ პოზიტიური გავლენა იქონიოს რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე?
-როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, რუსეთის დელეგაცია თავიდანვე არ გეგმავდა თურქეთთან ურთიერთობის გადახედვას. ამიტომ გუშინ, როდესაც ერდოღანს ჰქონდა გარკვეული იმედი, რომ, რატომღაც ამ სამიტზე მოხდებოდა ურთიერთობების გარკვევა- ასე არ მოხდა.
პუტინის გამოსვლაში ის ორი მესიჯი, რომელშიც იყო ნათქვამი, ვგულისხმობ: ხალიფატისგან ნავთობის შეძენას და მეორე გარკვეულ დახმარებას მათთვის- ეს არის დასავლური მედიის მუდმივი თემა, მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი ამას პუტინთან მუდმივად უარყოფს.
მიუხედავად იმ შემრიგებლური ტონისა, რომელსაც ხანდახან თურქეთის მხარე და რუსეთის მხარეც ლავროვის პირით ამჟღავნებენ, დარწმუნებული ვარ, რომ კონფრონტაცია და დაძაბულობა მათ შორის კვლავაც გაგრძელდება. არამგონია, რომ ეს საომარ ვითარებამდე მივიდეს მაგრამ დაძაბულობა კვლავაც იქნება. ამიტომ, გუშინდელი დღე პოზიტიურ გავლენას რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე ვერ მოახდენს.
-კიდევ რა აჩვენა პარიზის ფორუმმა, რომელიც კლიმატის გლობალურ ცვლილებებს ეხებოდა?
რამდენად საქმიანი და ადეკვატური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ფორუმზე გამოსვლა?
-პარიზის სამიტი, პრაქტიკულად იმ შინაარსით, რაზეც იყო ორიენტირებული, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სრულიად გადაფარა რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებამ! აქედან გამომდინარე, სხვა ვერცერთი ლიდერის გამოსვლას განსაკუთრებული კომენტარები არ მოჰყოლია.
რა თქმა უნდა, გლობალური დათბობის თემა არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე. სამწუხაროდ, მსოფლიო ლიდერები ასეთი ტიპის შეხვედრებს ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური დემარშებისთვის იყენებენ და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა იფარება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს თემატური გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ ვიმეორებ, რომ ყველაფერი რუსეთ-თურქეთის საკითხმა და იმ უზარმაზარმა გამოწვევამ გადაფარა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას!
ესაუბრა მედეა შელია